განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა სასკოლო საზოგადოებას გადაშენების პირას მყოფი ენდემური მცენარეები ფოტოსტენდითა და პრეზენტაციით გააცნეს
11-05-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „თოლია“, რომელის წევრებიც ბუნებაზე ზრუნავენ არა მხოლოდ გარემოსდაცვითი აქტივობებით, არამედ მოწოდებულნი არიან თანატოლების ეკოცნობიერების ამაღლებისკენ.

ეკოკლუბ „თოლიას“ წევრმა ნიკო კეცხოველის პრემიის 2025 წლის კონკურსის ფარგლებში, „მწვანე სკოლის“ მიმართულებით დაფინანსებული პროექტის - „ურთას მთის ბიომრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება“ ეგიდით არაერთი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა განახორციელეს. 

ერთ-ერთი მთავარი აქტივობა კი იყო ეკოკლუბ „თოლიას“ წევრთა ექსკურსია-ლაშქრობა ურთას მთაზე.

პროექტის დასკვნით ეტაპზე კი ეკოკლუბის წევრებმა ურთას მთაზე გადაღებული ფოტოებით შექმნეს საინფორმაციო სტენდი და მოამზადეს თემატური პრეზენტაცია - „წითელი ნუსხით დაცული მცენარეთა სახეობები დასავლეთ საქართველოში“. აქტივობის მიზანი იყო სასკოლო საზოგადოებისთვის იმ იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ენდემური მცენარეების გაცნობა, რომელთა დაცვა და აღდგენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

სტენდზე განთავსდა ფლორის წარმომადგენლების ფოტოები, მოკლე აღწერილობები და ინფორმაცია იმ სახეობებზე, რომლებიც შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს გადაშენების ძირითად საფრთხეებზე, როგორიცაა გავრცელების არეალის შემცირება, მავნებლებითა და სოკოვანი დაავადებებით გამოწვეული დაზიანება, ადამიანის არასათანადო ზემოქმედება და გარემოს ცვლილებები.

პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა კლასებსა და პედაგოგებს გააცნეს ურთას მთის ბიომრავალფეროვნება და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნება მხოლოდ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისა და პასუხისმგებლიანი ქცევის პირობებშია შესაძლებელი.

„აღნიშნულმა აქტივობამ მოსწავლეებს განუვითარა პრეზენტაციის, ანალიზისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარები, ხოლო საინფორმაციო სტენდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სკოლის სივრცეში ეკოლოგიური ცნობიერების გავრცელებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203