ახალი უმაღლესი შეიქმნება - „სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ“
08-05-2026

მთავრობის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს დიპლომატიის აკადემია შეიქმნება. როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ.

მისი თქმით, მომავალი წლიდან დიპლომატიის აკადემია, ავტორიზაციის გავლის შემდეგ, წარმატებით დაიწყებს ფუნქციონირებას.

დიპლომატიის აკადემია უწყებრივი დაქვემდებარების საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება.

„საქართველოს დიპლომატიის აკადემია დიპლომატიური სამსახურებისთვის მაღალკვალიფიციურ კადრებს მოამზადებს. უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას მაღალი სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფაში. ასეთი უწყებრივი დაქვემდებარებით რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი წარმატებით ფუნქციონირებს. ეს არის მაგალითად, საქართველოს თავდაცვის აკადემია, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ასევე უსაფრთხოების აკადემია შეიქმნა.

ამ წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ საქართველოს დიპლომატიის აკადემია თავისი უწყებრივი დაქვემდებარებით ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას წარმატებით უზრუნველყოფს.

ჩვენი ამოცანაა მოვამზადოთ მაღალკვალიფიციური კადრები ჩვენი დიპლომატიური სამსახურისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების შემდგომი გამყარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203