„განათლებული და პატიოსანი ადამიანი ყოველთვის იპოვის თავის ადგილს მშობლიურ მიწაზე“ - რუბენ საჰაკიანი, როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი
08-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, როდიონოვკის საჯარო სკოლა დღეს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა რუბენ საჰაკიანის ხელმძღვანელობითა და ერთსულოვანი გუნდით, მაღალაკადემიურ ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი წამითაც არ შეფერხებულა.

სკოლის წინაშე არსებული ყველაზე დიდი გამოწვევა ინფრასტრუქტურაა. არსებული შენობა, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება და ახალი სკოლის აშენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია; ამჟამად კი სასწავლო პროცესი დაქირავებულ კერძო სახლში მიმდინარეობს, რათა მოსწავლეებმა განათლების მიღება შეძლონ.

„წერილები გაგზავნილი გვაქვს როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ისე სამინისტროს სახელზე. რიგში ვდგავართ და ველოდებით მშენებლობას... ყველა ვთანხმდებით, რომ სოფელში სკოლის არსებობა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში მიგრაცია დაიწყება. სკოლა სოფლის გულია“, — აღნიშნავს რუბენ საჰაკიანი და გვიამბობს პროფესიონალი პედაგოგების გუნდზე, რომელმაც არაერთ წარმატებულ მოსწავლეს გაუკვალა გზა: 

„თუ 10 წლის წინ სკოლაში მასწავლებელთა დეფიციტი იყო, დღეს მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია“, - გვიამბობს დირექტორი და სიამაყით აცხადებს, რომ მისივე კურსდამთავრებულები დაუბრუნდნენ მშობლიურ სკოლას, კომპეტენციაც დადასტურებული აქვთ და თავს არ ზოგავენ, რათა ბავშვებს ხარისხიანი განათლება მისცენ.

მიუხედავად გამოწვევებისა, როდიონოვკის საჯარო სკოლა დღეს 53 მოსწავლისთვის საუკეთესო საბაზო განათლების გარანტია - წელს 7 მოსწავლეს დაულოცავენ გზას ცხოვრების ახალ ეტაპზე, შვიდი პირველკლასელი კი ამაყად შეაბიჯებს ცოდნის ტაძარში. 

„20-ზე მეტი კურსდამთავრებული ამჟამად სწავლას თბილისისა და სომხეთის წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებს. საბაზო საფეხურის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეების ნაწილი პროფესიულ სასწავლებლებს ირჩევს... მთავარია, ჩვენი ძალისხმევა და შრომა უკვალოდ არ იკარგება. როდესაც ვხედავთ ჩვენი გაზრდილი თაობების წარმატებას, ეს ყველაზე დიდი ჯილდო და სიამაყეა“, - აცხადებს სკოლის დირექტორი. ასევე იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ როდიონოვკის საჯარო სკოლა დღეს იმედის სიმბოლოა.

მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი დროებით დაქირავებულ კერძო სახლში მიმდინარეობს, რუბენ საჰაკიანი ახერხებს შეინარჩუნოს ის მაღალი აკადემიური სტანდარტი და ადამიანური სითბო, რაც ამ დაწესებულებას სოფლის მთავარ საყრდენად აქცევს.

თავად დირექტორის ცხოვრება კი მჭიდროდ არის დაკავშირებული მშობლიურ სკოლასთან. იგი 30 წელია ემსახურება მოსწავლეთა განათლებას: აქედან 3 წელი მათემატიკის მასწავლებლად იმუშავა, ბოლო 27 წელია კი სკოლის ხელმძღვანელია. ამ ხანგრძლივმა გამოცდილებამ მას დაანახა მთავარი ჭეშმარიტება - განათლება ადამიანური ურთიერთობებით იწყება.

„ჩემი პრინციპია, სკოლაში მშვიდი და მეგობრული განწყობა სუფევდეს. ყველამ - პედაგოგმაც და მოსწავლემაც - თავი დაცულად უნდა იგრძნოს. როცა ყველას აზრი მოსმენილი და გათვალისწინებულია, ეს ბადებს ნდობას. სწორედ ამიტომ უხარია ყველას სკოლაში მოსვლა“, - აღნიშნავს ბატონი რუბენი, რომლის უმთავრესი სურვილია, საქართველოში ისეთი პირობები შეიქმნას, რომ ახალგაზრდობას ემიგრაციაში წასვლა არ მოუწიოს. მისი თქმით, განათლებული თაობის რესურსი ქვეყანას უნდა მოხმარდეს:

„ყველა ახალგაზრდას ვუსურვებ, უყვარდეს სწავლა, იყოს კარგი ადამიანი, უყვარდეს თავისი ქვეყანა და გამოადგეს მას. განათლებული და პატიოსანი ადამიანი ყოველთვის იპოვის თავის ადგილს მშობლიურ მიწაზე“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203