
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღის აღსანიშნავად საინტერესო საგანმანათლებლო- შემოქმედებით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა მიიღეს სიმბოლური „წერილი დედამიწისგან“, რომელმაც მათ გარემოს დაცვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა.
„გამარჯობა, ჩემო პატარა მეგობარო!
მე შენი პლანეტა ვარ - დედამიწა. მინდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ. ყოველ დილით მზის სხივებით გაღვიძებ, ზაფხულობით გრილ ჩრდილს გთავაზობ ხეების ქვეშ, ზამთარში კი ფუმფულა თოვლით გართობ.
რას გთხოვ მე?
დღეს ჩემი დღესასწაულია, მაგრამ საჩუქრად ძვირფას ნივთებს არ გთხოვ. ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი შენი მზრუნველობაა. მტკივა, როცა ჩემს მდინარეებში ნაგავს ყრიან, ან როცა მწვანე ტყეები ქრება.
რატომ ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი?
შეიძლება გგონია, რომ პატარა ხარ და ვერაფერს შეცვლი, მაგრამ ეს ასე არ არის. შენი გაღიმებული სახე, როცა ბუნებაში სეირნობ და შენი სუფთა ხელები, რომლებიც გარემოს უფრთხილდებიან, ჩემთვის ყველაზე დიდი იმედია“.
მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ბუნების დაცვა იწყება ყოველდღიური მზრუნველობით - სისუფთავის შენარჩუნებით, მცენარეების გაფრთხილებითა და გარემოს სიყვარულით.
მოსწავლეები ასევე არაერთ ეკოაქტივობებში ჩაერთნენ - მათ შორის გარემოსდაცვითი მოწოდებებით პლაკატები დაამზადეს.
ღონისძიებამ ბავშვებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასა და ბუნების მიმართ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.