„განათლება და ადამიანობა ორი მთავარი საყრდენია, რომლითაც ახალგაზრდები ნებისმიერ მწვერვალს დაიპყრობენ“ - აღავნი ავაქიანი, მარტუნის სკოლის დირექტორი
08-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მარტუნის საჯარო სკოლა იმ იშვიათ საგანმანათლებლო კერებს მიეკუთვნება, სადაც მცირე კონტინგენტი არა დაბრკოლება, არამედ უდიდესი უპირატესობაა. აქ თითოეული მოსწავლე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, რაც საფუძველს უყრის მათ დიდ წარმატებებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სკოლას უკვე ორი ათწლეულია აღავნი ავაქიანი ხელმძღვანელობს და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს: მისი დირექტორობის პერიოდში სკოლაში ჩამოყალიბდა საოცრად თბილი, მეგობრული და ჰარმონიული ატმოსფერო.

მარტუნის საჯარო სკოლა ორენოვანია - აქ ქართული და სომხური სექტორები ფუნქციონირებს და მიუხედავად ეთნიკური მრავალფეროვნებისა, მოსწავლეებს შორის არსებული მჭიდრო კავშირი სკოლას ერთ დიდ, მრავალშვილიან ოჯახად აქცევს.

„ჩვენი მოსწავლეები ერთად იზრდებიან, ერთმანეთს პატივს სცემენ და უყვართ. ეს ერთიანობა ჩვენი სკოლის მთავარი სიამაყეა“, - აღნიშნავს ქალბატონი აღავნი და დასძენს, რომ მცირეკონტინგენტიანი საბაზო სკოლა აქვთ, ხშირად გაკვეთილზე მხოლოდ ორი-სამი მოსწავლე ზის, თუმცა ეს პედაგოგებს საშუალებას აძლევს, თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად იმუშაონ, ბოლომდე დაიხარჯონ... ასეთი პერსონალიზებული სწავლება კი უდავოდ საოცარ შედეგებს იძლევა - მასწავლებლების შრომა და ძალისხმევა ყოველთვის აისახება მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ მოსწრებაზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ მარტუნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას წარმატებით აგრძელებენ საშუალო სკოლებში, შემდეგ კი უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ. მარტუნის საჯარო სკოლა თითოეული მოსწავლის მიღწევებით ამაყობს, მათ შორის ერთი მათგანი ამჟამად, სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრძელებს და როგორც etaloni.ge-ს აღავნი ავაქიანი უმხელს, თვალ-ყურს ადევნებს თითოეული მათგანის ცხოვრებას და მათი წინსვლა „მთელი სკოლის საერთო გამარჯვებაა“.

სკოლის ხელმძღვანელის ხედვით, საბაზო საფეხური ის პერიოდია, როდესაც ბავშვის პიროვნება ყალიბდება. სწორედ ამიტომ, აკადემიურ ცოდნასთან ერთად, აქცენტი უნდა გაკეთდეს ურთიერთპატივისცემაზე, ტოლერანტობასა და ჰუმანურობაზე: „აუცილებელია, რომ საბაზო ცოდნა მაღალ დონეზე იყოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ სიყვარული. ჩვენი მიზანია, ისინი ჯერ კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ და შემდეგ - პროფესიონალებად“, - გვიმხელს დირექტორი, რომელიც მთელ თავის ენერგიასა და სითბოს სკოლას ახმარს, ახალგაზრდებს კი მხოლოდ ერთ რამეს ურჩევს - არასოდეს დაკარგონ წიგნის სიყვარული. მისი თქმით, განათლება და ადამიანობა ორი მთავარი საყრდენია, რომლითაც ახალგაზრდები ნებისმიერ მწვერვალს აუცილებლად დაიპყრობენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203