
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საგანმანათლებლო დღეები მოეწყო.
21 აპრილს, ვარევანის საჯარო სკოლაში სკოლაში, კონსულტანტ-მასწავლებელ ნინელი გოგოლაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიებები.
მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. მოსწავლეებმა ძველი, გამოუსადეგარი ნარჩენები „გააცოცხლეს“, მეორე სიცოცხლე შესძინეს და ხელოვნების ნიმუშებად აქციეს. მე-10 კლასელებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, პოსტერები, გაიმართა უმცროსკლასელთა ნახატების გამოფენა.
22 აპრილს კი, დედამიწის საერთაშორისო დღეს, ვარევანის საჯარო სკოლელებს კარტიკამის საჯარო სკოლამ უმასპინძლა, სადაც გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა კონფერენცია.
ეს იყო არა მხოლოდ კონფერენცია, არამედ მეგობრობისა და თანამშრომლობის ნამდვილი დღესასწაული. პროექტის - „დედამიწა ჩვენი სახლია“ ფარგლებში გამართულმა შეხვედრამ ქართული და სომხური სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები გააერთიანა. ეს იყო დღე, როდესაც საერთო პასუხისმგებლობამ და პლანეტის სიყვარულმა კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი მეგობრობა.
როგორ ვარევანის სკოლაში გვეუბნებიან, გამოცდილება და პროფესიონალიზმი, კონფერენციის მაღალი დონე და შინაარსობრივი მრავალფეროვნება კონსულტანტ-მასწავლებლებისა და მათი მოსწავლეების დამსახურებაა: ქეთევან ნასყიდაშვილი (მასპინძელი, კარტიკამის საჯარო სკოლა), ნინელი გოგოლაძე (ვარევანის საჯარო სკოლა), იამზე მსხვილიძე (დილისკის №1 საჯარო სკოლა), ნატო კაპანაძე (ხანდოს საჯარო სკოლა,) ახალციხის №1 საჯარო სკოლის წარმომადგენლობა.
კონფერენციას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები - ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ტერეზა ჩივჩიანი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები - ია არწივიძე და ეკა აბაშიძე, რომელთა დასწრება და მხარდაჭერა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თითოეული მონაწილისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.
18-მდე მაღალპროფესიულმა ნაშრომმა კი - ხელოვნური ინტელექტიდან დაწყებული, ეკოლოგიური ანიმაციების ანალიზით დასრულებული - აჩვენა, თუ რამდენად ღრმად აანალიზებენ მოსწავლეები თანამედროვე გამოწვევებს.
შესვენებისას სტუმრებმა დაათვალიერეს მაკეტები და გამოფენა - „ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე“.
დღის კულმინაცია იყო „კონფერენციის დეკლარაციის“ მიღება.
„ეს დოკუმენტი ჩვენი მოსწავლეების ერთიანი ხმაა - ქართველი და სომეხი ახალგაზრდების დაპირება, რომ ისინი ერთად იზრუნებენ ჩვენს საერთო სახლზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: