მასწავლებლები 10 კრიტერიუმით შეფასდებიან - სამინისტრო ეროვნული პრემიისთვის განაცხადებს 18 მაისიდან მიიღებს
07-05-2026
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 18 მაისიდან დაიწყებს. 
 
განაცხადების მიღება 6 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
 
კანდიდატთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კომისია ანონიმურობის პრინციპის დაცვით განიხილავს.
 
შეფასება განხორციელდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც უკვე გადაეგზავნა საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.
 
შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია:
 

• საჯაროდ აღიარებული ნდობა და ავტორიტეტი; 

• მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და პიროვნული განვითარების მხარდაჭერა; 

• სწავლის მოტივაციისა და შემეცნების სურვილის გაღვივება; 

• პროფესიული ცოდნის გაზიარება და სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილი; 

• ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელება; 

• საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და გავრცელება; 

• სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტიურობა; 

• ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვა; 

• სკოლისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილი; 

• ადამიანთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული აქტივობები;

 
კანდიდატთა მხრიდან განაცხადების წარდგენა შესაძლებელია:
 
• დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) მეშვეობით; 
• ელექტრონულ ფოსტაზე: info@tpdc.ge;
• მატერიალური ფორმით: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის N6, კიბერნეტიკის შენობა, VI სართული.
 
მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები 27 ოქტომბერს საზეიმო ცერემონიაზე გამოვლინდებიან.
 
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.
 
ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად 10 ღვაწლმოსილ პედაგოგს, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო – 10 000 ლარი.
 
2025 წლიდან მასწავლებლის ეროვნულ დღის აღსანიშნავად საქართველოს მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრი მუნიციპალიტეტის დონეზე გამოავლენს და აჯილდოებს ღვაწლმოსილ პედაგოგებს. 
 
მასწავლებლის ეროვნული პრემია წარმოადგენს განათლების სფეროში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაფასების მნიშვნელოვან მექანიზმს და მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ზრდას ემსახურება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203