ჭიათურის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება შემოქმედებით კონკურსში 
07-05-2026

ჭიათურის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში და წარმოაჩენენ ცოდნას, ნიჭსა და შესაძლებლობებს.

ახლახან, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ჭიათურისა და საჩხერის საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა საინტერესო, შემოქმედებითი ნახატების კონკურსი -  „ჩემი პირველი წიგნი“.

კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ ჭიათურის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნანა მასწავლებლის მხარდაჭერით.

ბავშვებმა შექმნეს თავიანთი პირველი წიგნის ისტორია ნახატით. მეორე კლასის მოსწავლე ეფემია ფხალაძემ, თავისი პირველი წიგნის - „პატარა პრინცი“ ილუსტრაცია შექმნა, რომელზეც თავისი წარმოსახვითა და ინტერპრეტაციით ერთ-ერთ პერსონაჟად საკუთარი თავიც წარმოაჩინა. მისმა ძამიკომ, ბესარიონ ფხალაძემ „სახლის ბინადარი კარლსონის“ ილუსტრაციაზე გააკეთა არჩევანი. ანი კურტანიძემ საყვარელი პირველი წიგნის - „პეპი გრძელწინდას“ ილუსტრაცია გააგზავნა საკონკურსოდ. სესილია სამხარაძემ კი - „დოგმენი “ აირჩია. მეორე კლასის ყველაზე მოუსვენარმა და საყვარელმა გაბრიელმა თავისი პირველი წიგნის, ი. გოგებაშვილის მოთხრობების კრებულიდან - „მკვეხარა ქოთანი“ გადაიტანა სახატავ ფურცელზე. სწორედ ამ ბავშვების ნაშრომი მოხვდა კონკურსის გამარჯვებულთა ათეულში.

გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა 1-ელ მაისს, სავანეში, აკაკი წერეთლის კარ-მიდამოში საჩხერის წიგნის ბაზრობის ფარგლებში. გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გამომცემლობა „ბიოს“ და „ასოციაცია-ბიოს“ მხარდაჭერით.

სიმბოლური საჩუქარი გადაეცა სკოლის წარმატებულ პედაგოგს, მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელ ნანა ბურძენიძეს, როგორც ყველაზე აქტიურად ჩართულ მასწავლებელს.

„უღრმესი მადლობა გამომცემლობა „ბიოსა“ და „ასოციაცია-ბიოს“ ხელმძღვანელს ხათუნა გოგალაძეს იმისათვის, რომ ბავშვებს მისცა შესაძლებლობა მიეღოთ მონაწილეობა ასეთ შემოქმედებით კონკურსში და ნახატით წარმოეჩინათ თავიანთი პირველი წიგნის ილუსტრაცია. მადლობა მას ჩვენი პატარების გაბრწყინებული თვალებისთვის, იმისათვის, რომ კიდევ ერთი სტიმული მისცა მათ, რომ შეიყვარონ და წაიკითხონ წიგნები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203