
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩაში, სადაც დღეის მდგომარეობით მხოლოდ ხუთი ოჯახი ცხოვრობს, ადგილობრივი საჯარო სკოლა სოფლის სიცოცხლისუნარიანობის მთავარ სიმბოლოდ რჩება. სომხურენოვანი საბაზო სკოლა ამჟამად სულ ოთხ მოსწავლეს აერთიანებს, რომლებიც პირველ, მესამე და მეშვიდე კლასებში სწავლობენ.
მიუხედავად იმისა რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია , სასწავლო პროცესი აქ სრული დატვირთვით მიმდინარეობს. სკოლაში ექვსი კვალიფიციური პედაგოგია დასაქმებული. სპეციფიკური საჭიროებებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და მათემატიკის გარდა, I-III კლასებს გაკვეთილები კომპლექსური მეთოდით უტარდებათ, რაც მცირე ჯგუფებში სწავლების ეფექტურობას უზრუნველყოფს.
სკოლის დირექტორი, გაიანე მიქაელიანი, ამ საგანმანათლებლო კერას უკვე 21 წელია ხელმძღვანელობს. მანდ სკოლაში მუშაობა 1998 წელს მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო 2000 წლიდან კი დირექტორის პოზიცია დაიკავა. როგორც თავად ამბობს დროთა განმავლობაში სოფელი დაიცალა. დღეს არსებული ოთხი მოსწავლიდან უმეტესობა მრავალშვილიანი ოჯახის წევრია, რომელთა იმედადაც სკოლა ფუნქციონირებს, თუმცა მომავალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა მიღება აღარ იგეგმება.
დირექტორი სიამაყით საუბრობს თავის ყოფილ მოსწავლეებზე, რომლებმაც უმაღლესი განათლება მიიღეს და საკუთარ პროფესიებში წარმატებას მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ახალგაზრდები უფრო ხშირად პროფესიულ სასწავლებლებს ირჩევენ, დირექტორისთვის მთავარი პრიორიტეტი მაინც მათი შრომისმოყვარე და მიზანდასახულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაა.
„სკოლის შიდა გარემო განსაკუთრებულია, აქ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის მეგობრული, თითქმის ოჯახური ატმოსფერო სუფევს, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა მთავარი ღირებულებაა“, - აღნიშნავს დირექტორი და იმედოვნებს რომ ახალგაზრდები დაუბრუნდებიან მშობლიურ მხარეს და იზრუნებენ ადგილობრივი თემის გაძლიერებაზე.
„გული მტკივა დაცლილ სოფლებს, რომ ვუყურებ, მინდა რომ უკვე ნასწავლი ახალგაზრდები დაბრუნდნენ მშობლიურ მხარეში. ასევე მინდა ყველა ახალგაზრდა პირველ რიგში ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, იცოდნენ სწავლის და შრომის ფასი“, - გვითხრა გაიანე მიქაელიანმა.