ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალხოს საჯარო სკოლას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დირექტორი აშოტ კირაკოსიანი ხელმძღვანელობს. სკოლა საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სასწავლო პროცესი სომხურ ენაზე მიმდინარეობს და მოსწავლეებს განათლების მიღებისათვის მშვიდი და მეგობრული გარემო ხვდებათ.
დღეს ბალხოს საჯარო სკოლაში 55 მოსწავლე სწავლობს. მიმდინარე სასწავლო წელს სკოლას ორი მოსწავლე ამთავრებს, რომლებიც სწავლას საშუალო საფეხურზე გააგრძელებენ. როგორც დირექტორი აღნიშნავს, სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას თითოეული მოსწავლის განვითარებასა და მომავლისთვის მომზადებას უთმობს, რაც მათ შემდგომ წარმატებაზეც დადებითად აისახება.
„სკოლის მცირე კონტინგენტი სასწავლო პროცესს განსაკუთრებულად ეფექტიანს ხდის. კლასებში საშუალოდ 5-6 მოსწავლის ყოფნა მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური ყურადღება დაუთმონ. სწორედ ამ მიდგომის შედეგია, რომ ბალხოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა წარმატებით აგრძელებს სწავლას როგორც საშუალო სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს დღეს შეხვდებით, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში, ასევე ახალქალაქისა და სომხეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი მოსწავლეები განათლებას წარმატებით აგრძელებენ და საკუთარ მიზნებს აღწევენ. ეს თითოეული მასწავლებლის შრომისა და მონდომების შედეგია, რაც ჩვენი სკოლისთვის უდიდესი სიამაყის საფუძველს წარმოადგენს,“ - აღნიშნავს დირექტორი აშოტ კირაკოსიანი.