განმუხურის საჯარო სკოლის კლუბ „თოლიას“ მნიშვნელოვანი ეკოინიციატივა და წარმატება გარემოსდაცვით კონკურსში
06-05-2026

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „თოლია“ აქტიურად არის მასშტაბურ გარემოსდაცვით სასკოლო კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, რომლის ფარგლებში არაერთ ეკოაქტივობას ახორციელებს. 

პრემიის ფარგლებში დაბრუნდა „თვის აქტიური სკოლის” სტატუსის გამოვლენის ინიციატივა და თებერვლის თვის გამორჩეული ეკოკლუბი ​ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლის „თოლია“ გახდა.

კლუბმა შავი ზღვის სანაპიროს დაცვის მიმართულებით განსაკუთრებული აქტივობა განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბის მორიგი გასვლა სანაპიროზე მხოლოდ დასუფთავების აქცია არ ყოფილა. მოსწავლეებმა ნარჩენების სიღრმისეული აუდიტი ჩაატარეს, რათა დაედგინათ, რა ტიპის დაბინძურება აზიანებს გარემოს და რა მასშტაბისაა პრობლემა.

როგორც CENN-ის გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ეკოკლუბელებმა სრულად დაასუფთავეს დაახლოებით 400-მეტრიანი სანაპირო ზოლი. შეგროვებული ნარჩენები დეტალურად დაახარისხეს და დაითვალეს, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ მთავარი დამაბინძურებელი ერთჯერადი პლასტმასია - მათ შორის აღმოჩნდა ათობით პლასტმასის ბოთლი და ხუფი. ასევე დაფიქსირდა მიტოვებული თევზის ბადეები და გამოყენებული ვაზნები, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის სანაპირო ეკოსისტემას.

ჩატარებულმა აუდიტმა ნათლად აჩვენა, რომ პრობლემა მხოლოდ ნარჩენების არსებობა არ არის - მთავარი გამოწვევა ადამიანის დამოკიდებულებაა გარემოს მიმართ. სწორედ ამიტომ, ეკოკლუბი „თოლია“ იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით.

ეკოკლუბის მიზანია, მსგავსი აქტივობების გაგრძელებით, განმუხურის სანაპირო იქცეს წარმატებულ მაგალითად, თუ როგორ შეუძლია ერთ აქტიურ გუნდს შეცვალოს გარემოსდაცვითი კულტურა მთელ თემში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203