
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლა, რომლის დირექტორია მეხმან მუსაევი, დღეს 172 მოსწავლეს აერთიანებს. სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურ და ორგანიზებულ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო პედაგოგიური კოლექტივი მოსწავლეთა განვითარებაზე მაქსიმალურად არის ორიენტირებული.
როგორც სკოლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, წელს სკოლას 11 მეთორმეტეკლასელი ამთავრებს, მათგან 6 უკვე აქტიურად ემზადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასაბარებლად.
„ძალიან წარმატებული და ჭკვიანი ბავშვები არიან და ვიმედოვნებ, თითოეული მათგანი შეძლებს სასურველ ფაკულტეტზე ჩარიცხვას. როგორც იცით, სკოლა მცირეკონტიგენტიანია, ამიტომაც თითოეულ მოსწავლეს კარგად ვიცნობ და თითოულის წარმატება განსაკუთრებით მეამაყება. მათი წარმატება ერთგვარი მოტივაციის წყაროა, რომელიც მიბიძგებს, ყოველთვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო“, - აღნიშნავს მეხმან მუსაევი.
ხელმძღვანელი ყურადღებას პედაგოგთა კვალიფიკაციაზეც ამახვილებს და გვეუბნება, რომ კირიხლოს საჯარო სკოლა დაკომპლექტებულია პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგებით, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ მოსწავლეებს მაქსიმალური ცოდნა და უნარები მისცენ. სწავლების პროცესში აქტიურად ითვალისწინებენ მოსწავლეთა ინტერესებსაც, რაც გაკვეთილებს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის და დადებითად აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე.
დაწყებულია მზადება ახალი სასწავლო წლისთვისაც. როგორც დირექტორი გვეუბნება, პირველ კლასში ამ ეტაპზე 10 მოსწავლეა რეგისტრირებული, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი სექტემბრამდე კიდევ გაიზრდება. პარალელურად, მიმდინარეობს მზადება მეთორმეტეკლასელების საზეიმო გაცილებისთვისაც, რომელიც წლის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ღონისძიებაა სკოლაში.
სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი მადლობას უხდის საგანმანათლებლო პლატფორმა „ეტალონს“, რომელიც მუდმივად ინტერესდება სკოლის საქმიანობით, მიღწევებით წარმატებით და მხარს უჭერს მის განვითარებას.
კირიხლოს საჯარო სკოლაში სწამთ, რომ სწავლა და მხარდაჭერა თითოეული მოსწავლის წარმატების საფუძველია და ამ გზაზე სასკოლო საზოგადოება ერთიანად აგრძელებს მუშაობას.