
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლეწურწუმეს თემის საჯარო სკოლაში პროექტული სწავლების ფარგლებში გაიმართა საგანმანათლებლო-სპორტული ვიქტორინა „რა? სად? როდის?“, რომელიც სამოქალაქო განათლების საგნის ინტეგრირებულ აქტივობას წარმოადგენდა. ღონისძიებაში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 11 სკოლა მონაწილეობდა, რამაც კონკურსს განსაკუთრებული მასშტაბი და კონკურენტული გარემო შესძინა.
ვიქტორინა სამ ტურად ჩატარდა და ჯამში 25 კითხვა მოიცავდა. მონაწილეებმა საკუთარი ცოდნა ფეხბურთის ისტორიასა და მნიშვნელოვან მოვლენებში გამოავლინეს. დაძაბული და საინტერესო შეჯიბრის შედეგად, 17 ქულით გამარჯვებული გახდა მუხურის საჯარო სკოლა.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა საუკეთესო მოთამაშეც. ყველაზე მაღალი შედეგი - 12 სწორად გაცემული პასუხი მუხურის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, შოთა გაბედავამ აჩვენა. იგი დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრითა და სიგელით, ხოლო გამარჯვებულმა გუნდმა სპეციალური სიგელი მიიღო.
ვიქტორინა განხორციელდა პროექტ „ოქროს ქალღმერთის“ ფარგლებში, რომელიც ინტეგრირებული იყო საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის საგნობრივ ჯგუფებთან. პროექტი საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის იყო და მოიცავდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ფეხბურთელების მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატებზე - როგორც შესარჩევ, ისე ფინალურ ეტაპებზე - რაც მიზნად ისახავდა მათი მიღწევების პოპულარიზაციას მოსწავლე-ახალგაზრდობაში.
მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ზოგადი განათლების გაღრმავებაში, ისე სპორტისადმი ინტერესის გაძლიერებაში. პროექტული სწავლების ფორმატი კი ხელს უწყობს მოსწავლეებში გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას.
ლეწურწუმეს თემისა და მუხურის საჯარო სკოლები მადლობას უხდიან პროექტის ორგანიზატორებს და მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავს, მომავალში კი კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: