
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს აღმზრდელ-პედაგოგებისთვის ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი.
ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) ჰყავს პერსონალი, რომელიც განათლების ან ფსიქოლოგიის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში კითხულობს ლექციებს ან/და ატარებს სემინარებს ან/და ხელმძღვანელობს პრაქტიკას სკოლამდელი განათლების ან ბავშვის ფსიქოლოგიის მიმართულებით და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო-მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება;
ბ) ჰყავს პერსონალი, რომელიც უძღვება აღმზრდელის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში სავალდებულო პროფესიულ მოდულებს, აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ტრენერობის გამოცდილება ბოლო 5 წლის მანძილზე და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო-მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება;
გ) ჰყავს პერსონალი, რომელსაც შექმნილი აქვს საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსები ან/და უძღვება აღნიშნულ ტრენინგ-კურსებს ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით;
დ) ჰყავს პერსონალი, რომელსაც ცენტრის ეგიდით ჩატარებული აქვთ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №97/ნ ბრძანებით დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული“ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორების/მეთოდისტებისათვის, რაც დასტურდება ცენტრის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.