მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პატარა გარემოსდამცველები დიდი მისიით - „დავცვათ დედამიწა!“
04-05-2026

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-5 კლასელებმა დამრიგებლის, ბუნების მასწავლებლის - შორენა გოგალაძის ხელმძღვანელობით, დედამიწის საერთაშორისო დღე არაჩვეულებრივი და მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

კლასი ერთი დღით ნამდვილ შემოქმედებით და სამეცნიერო ცენტრად გადაიქცა, სადაც მთავარი თემა პლანეტაზე ზრუნვა იყო. დღე დედამიწის მოდელების პრეზენტაციით დაიწყო. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს დედამიწის მაკეტები. აღსანიშნავია, რომ ბევრმა მათგანმა მეორადი მასალები - ძველი ქაღალდები და მუყაო გამოიყენა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ხელოვნური ეკოსისტემების დამზადებამ. მოსწავლეებმა სხვადასხა მასალებისაგან პატარა ეკოსისტემები მოაწყვეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობით ბავშვებმა უკეთ გაიაზრეს, თუ რამდენად ფაქიზია ბალანსი ცოცხალ ორგანიზმებსა და გარემოს შორის.

დღის კულმინაცია კი შემოქმედებითი გამოფენა გახდა. საკლასო სივრცესა და აივანზე  მოსწავლეების შესრულებული ნახატები და ემოციური ლექსები გამოიფინა.

თითოეული ნამუშევარი დედამიწის სიყვარულითა და მისი გაფრთხილებისკენ მოწოდებით იყო სავსე.

„ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მისი დაცვა სწორედ ჩვენი, ბავშვების პასუხისმგებლობაცაა“, -აღნიშნეს მე-5 კლასელებმა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203