„სუფთა ჰაერი ჩვენი უფლებაა, დაცვა - მოვალეობა!“ - შთამბეჭდავი ინტერდისციპლინური პროექტი ფოთის N1 საჯარო სკოლაში 
30-04-2026

22 აპრილს, დედამიწის დღის აღსანიშნავად, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის N1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, ნატრული ტაბიძემ, სკოლის სააქტო დარბაზში სასკოლო საზოგადოებას წარუდგინა მაღალაკადემიური პროექტი - „სუფთა ჰაერი ჩვენი უფლებაა, დაცვა - მოვალეობა!“

პროექტი განხორციელდა მე-8 კლასის ბაზაზე, უფროსკლასელთა აქტიური ჩართულობით. ინტერდისციპლინურმა მიდგომამ გააერთიანა ქიმიური პროცესების ანალიზი და გარემოსდაცვითი საკითხები.

ქიმიის ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა დაბინძურებული ჰაერის გამწმენდი აპარატის ორი მოდელი, რომელიც დაფუძნებულია მრავალეტაპიან კომბინირებულ მეთოდზე. როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული ტექნოლოგია მოიცავს წმენდის სამ ძირითად საფეხურს:

მექანიკური ფილტრაცია: პირველადი ბარიერი (ბამბის ფენა) უზრუნველყოფს მსხვილი დისპერსიული ნაწილაკებისა და მყარი მინარევების შეკავებას;

ადსორბციული წმენდა: აქტივირებული ნახშირის შრე ახორციელებს აირადი ნივთიერებებისა და სპეციფიკური სუნის მოლეკულურ შთანთქმას;

ქიმიური ნეიტრალიზაცია: თხევადი ფაზა (სპეციალური ხსნარი) უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადის საბოლოო დამუშავებას, რაც ზრდის ფილტრაციის ეფექტურობას მცირე ზომის მავნე მინარევების მიმართ.

უფროსკლასელებმა დამსწრე საზოგადოებას შესთავაზეს კვლევითი ნაშრომები, ყურადღება დაეთმო ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ქიმიური პერსპექტივიდან გააზრებას. ასევე, ქალაქ ფოთში საწარმოო და სატრანსპორტო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების საკითხს.

 ღონისძიება გამდიდრდა მუსიკალური ნომრებით და გაიმართა კლიპის პრემიერა - „ქიმია მიქრის“, რომელმაც გამოკვეთა პროექტის მთავარი გზავნილი.

დასასრულს ჩატარდა სკოლებს შორის ინტელექტუალური შეჯიბრი ბლიც-კითხვების ფორმატში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები, სოხუმის უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორი და პოეტი რობერტ მესხი, სკოლის დირექცია და სხვა მიწვეული სტუმრები.

„სკოლის სახელით, მადლობას ვუხდით ქალბატონ ნატრულის იმ მასშტაბური სამუშაოსთვის, რამაც მეცნიერული კვლევა და შემოქმედებითი ძიება ერთ საინტერესო პროცესად გააერთიანა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203