დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული და სენაკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინტელექტუალური მოგზაურობა „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროში
30-04-2026

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სენაკის N3 საჯარო სკოლაში ნამდვილი სამეცნიერო-შემოქმედებითი დღესასწაული მოეწყო. მე-10 „ა“ კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მერი წურღვავას ხელმძღვანელობით, ორდღიანი მასშტაბური კონფერენცია - „რუსთველის დღეები“ გამართეს.

კონფერენცია გამოირჩეოდა თემატიკის მრავალფეროვნებითა და კვლევის სიღრმით. მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსანი“ სხვადასხვა რაკურსით განიხილეს - ფილოსოფიიდან ასტრონომიამდე, ისტორიული პარალელებიდან მხატვრულ ტროპებამდე.

პრეზენტაციების ფარგლებში გაჟღერდა ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები, როგორიცაა:

რწმენა და ფილოსოფია: კლიმენტი ქვარცხავამ განიხილა ღმერთის, რწმენისა და ადამიანის ურთიერთკავშირი, ასევე პოემის ფერთა გამა.

მეცნიერება და რეალობა: მარიამ ჯორჯიკიამ ასტრონომიისა და ასტროლოგიის ჭრილში დაგვანახა პოემა, ხოლო ანასტასია ბუკიამ ფანტასტიკისა და რეალობის მიჯნები გამოკვეთა.

ტექსტოლოგიური ანალიზი: გიორგი ქაქუთიამ პროლოგის დეტალური ანალიზი შემოგვთავაზა, ელენე ლომაიამ კი ტროპის სახეებსა და უკვდავ აფორიზმებზე გაამახვილა ყურადღება.

სახეები და სოციუმი: თამთა ზარანდიამ იდეალურ ქალთა სახეები წარმოაჩინა, მარიამ ჯორჯიკიამ - მეფეთა ხასიათები, ხოლო თამარ ხარბედიამ რაინდთა წრე და ვაჭართა საზოგადოება დაახასიათა.

ისტორიული კონტექსტი: გიორგი ცეკვავამ პოემის ფაბულა საქართველოს ისტორიის პარალელურად მიმოიხილა.

კრიტიკული ხედვა: თეკლა ბაბილუამ „ვეფხისტყაოსნის“ ე.წ. საჩოთირო ეპიზოდების საინტერესო ინტერპრეტაცია წარმოადგინა.

კონფერენცია ნინო წულეისკირმა შეაჯამა, რომელმაც ხაზი გაუსვა რუსთაველის გენიის მარადიულობას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სენაკის N3 საჯარო სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, კვლევითი უნარებისა და ეროვნული ფასეულობების ჩამოყალიბებაზე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203