
ცაგერის მუნიციპალიტეტის, მახაშის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის „დედაენის დღე“ განსაკუთრებული ემოციებით და ფერებით დაიტვირთა. სკოლის წარმომადგენლებმა ეს მნიშვნელოვანი თარიღი ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში აღნიშნეს.
„ამ დაუვიწყარი დღისათვის მახაშის საჯარო სკოლა უღრმეს მადლობას უხდის ცაგერის მთავარი ბიბლიოთეკის გუნდს. განსაკუთრებული მადლიერება გვინდა გამოვხატოთ ქალბატონ ბელა საღინაძის მიმართ, რომლის დაუღალავი ენერგია და საინტერესო იდეები ყოველთვის შთამაგონებელია. ასევე, დიდ მადლობას ვუხდით ღონისძიებების ორგანიზატორს, ლიკა ვაწაძეს, გულისხმიერებისა და იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც ჩვენი მოსწავლეების ჩართულობისა და მასპინძლობის პროცესში გამოიჩინა. მადლობა ბიბლიოთეკის თითოეულ წევრს იმ სითბოსა და სიყვარულისათვის, რითაც ჩვენს ბავშვებს შეხვდნენ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს ქართული ხელნაწერის სიდიადეში. როგორც პოეტი ამბობს:
„ო, ჩვენს ქართულ ხელნაწერებს
რა სჯობია, აბა, მითხარ?
წაკითხვაც რომ არ გინდოდეს
დაგაწაფებს წასაკითხად!“, - ასე ეხმაურება მახაშის საჯარო სკოლა შთამბეჭდავ და მრავალფეროვან აქტივობას, რომლითაც სკოლის ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი ჩაიწერა.
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღეს მე-7 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა: ანასტასია არდანიანმა და გიორგი სილაგაძემ საკუთარი ხელნაწერები მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა შექმნეს ხელნაწერების წიგნი, სადაც კალიგრაფიული ნამუშევრები გააერთიანეს. მათმა ქმედებებმა ცხადყო, რომ ახალ თაობას კარგად აქვს გაცნობიერებული უმთავრესი მოვალეობა - ქართული ენის სიწმინდისა და საუკუნოვანი კულტურის დაცვა.
„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და ვუსურვებთ მათ წარმატებებს ამ კეთილშობილურ გზაზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში, ჩვენი კი დავძენთ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის, მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იციან - ქართული ენის სიწმინდის დაცვა მათი ვალია!