თბილისის N79 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მასშტაბურად აღინიშნა 
30-04-2026

თბილისის N79 საჯარო სკოლაში გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო დაწყებითი კათედრის მიერ. აღნიშნული თარიღი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს თითოეული ქართველისთვის, ვინაიდან დედაენა წარმოადგენს ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ისტორიული მეხსიერების უმნიშვნელოვანეს საყრდენს.

ქართული ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი, რომლის დაცვა და განვითარება თითოეული ჩვენგანის ვალია.

„დედაენის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც გვაკისრია ქართული ენის სიწმინდის, სიმდიდრისა და უნიკალურობის შენარჩუნების საქმეში. სწორედ ამიტომ, მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებულ როლს ასრულებს ახალგაზრდა თაობაში ეროვნული ცნობიერების ამაღლებასა და ენისადმი სიყვარულის გაღრმავებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული დაწყებითი კლასების მოსწავლეები, რომლებმაც დიდი მონდომებითა და შემოქმედებითობით წარმოადგინეს სხვადასხვა ნომრები - ლექსები, სცენური დადგმები და მუსიკალური კომპოზიციები, რაც, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოსწავლეთა ნიჭიერებასა და მათ ინტერესს ქართული ენისა და კულტურის მიმართ.

„ჩვენთვის დიდი პატივი იყო მოწვეული სტუმრების მასპინძლობა - გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე ნანა ციმაკურიძე, საბავშვო ბაღების დირექტორები და ბაღის აღსაზრდელები. მათი თანადგომა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი სტიმულია ჩვენი სკოლის განვითარებისათვის. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს სკოლასა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებას და მომავალი თაობის უკეთ აღზრდას“,- აღნიშნავს თბილისის N79 სკოლის დირექტორი ეკატერინე აბრამიშვილი.

ღონისძიება ჩატარდა მაღალ ორგანიზებულ დონეზე, გამოირჩეოდა სიღრმისეული შინაარსით, ემოციურობითა და მაღალი პასუხისმგებლობით შესრულებული აქტივობებით.

თბილისის N79 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია გულწრფელ მადლობას უხდის დაწყებითი კათედრის თითოეულ წევრს - ნინო ტაბატაძეს, ეკა შერაზადიშვილს, ნანი კვანტალიანს, თამუნა თევდორაშვილს, ანა ახობაძეს, ზიზი ლურსმანაშვილს, მაია მაისურაძეს, ეკა ჩიხლაძეს, გაიანე სეხლიანს, შორენა კიკნაძეს, ლია ხუროშვილს, ბელა ბოლქვაძეს, სალომე ანთელავას, ინგა რაიკის, ლიკა კუპრაძეს პროფესიონალიზმისა და უდიდესი შრომისთვის, მოსწავლეებს - აქტიური ჩართულობისა და შემოქმედებითი მიდგომისთვის, მშობლებს - მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და მოწვეულ სტუმრებს - ყურადღებისა და ჩვენი სკოლის მიმართ გამოხატული ნდობისთვის.

„ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ენისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203