ქართული სიტყვის სიყვარულის ირგვლივ გაერთიანებული მოსწავლე-მასწავლებლები და გრანდიოზული კვირეული თბილისის N37 საჯარო სკოლაში
29-04-2026

თბილისის N37 საჯარო სკოლა განსაკუთრებულმა სადღესასწაულო მუხტმა მოიცვა - „დედაენის დღისადმი“ მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული 14 აპრილს, სკოლის ეზოში საზეიმო გახსნით დაიწყო, რასაც მოჰყვა სხვადასხვა კლასში ჩატარებული შთამბეჭდავი და საინტერესო აქტივობები, რომელთა მთავარი იდეა ქართული ენის პოპულარიზაცია და დაცვა იყო. ამ დღეებმა კიდევ ერთხელ გააერთიანა სკოლა, მასწავლებლები და მოსწავლეები ქართული სიტყვის სიყვარულის ირგვლივ.

15 აპრილს სკოლაში ქართული ენის კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი აქტივობა - კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა. ღონისძიება განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახადა ცნობილი ქართველი კალიგრაფისტის, „ვეფხისტყაოსნის“ გადამწერის, ნანა ჩხაიძის მასტერკლასმა, რომელიც ბათუმიდან ონლაინ ჩაერთო. ქალბატონმა ნანამ მოსწავლეებს გაუზიარა ასოთა მოხაზვის ხელოვნების საიდუმლოებები, საკუთარი გამოცდილება და შემოქმედებითი ხედვა. მისი სიტყვები ინსპირაციად იქცა თითოეული მონაწილისთვის, ხოლო მოსწავლეებმა გულწრფელი მადლობა გადაუხადეს „ასოთწერის დიდოსტატს“ ცოდნის გაზიარებისთვის.

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებზე მუშაობდნენ, რაც კიდევ უფრო ზრდიდა მოტივაციას. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა სიმრავლის გამო კონკურსი ორ სესიად ჩატარდა, ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ნამუშევრები, რომელთა ავტორებმა განსაკუთრებული ოსტატობა წარმოაჩინეს.

16 აპრილს გაიმართა ესეების კონკურსი თემაზე „მე და ენა ქართული“. საბაზო და საშუალო საფეხურის ცამეტმა მოსწავლემ საკუთარი სათქმელი ფურცელზე გადაიტანა. კონკურსს კი წინ უძღვოდა თემატური მინილექცია - „ქართული მარტო ენაა?!“ , და „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობის მიერ მოწოდებული საინტერესო კითხვარის განხილვა. მოსწავლეებმა გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება მშობლიური ენისადმი, წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები, სამი საუკეთესო ნამუშევრის ავტორი კი სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდა.

17 აპრილს სკოლაში განსაკუთრებული სულიერი განწყობა სუფევდა - ღონისძიება „პატრიარქის გაზაფხული“ მიეძღვნა ილია II-ის ხსოვნას. ეს დღე გამორჩეული იყო პატივისცემით, მადლიერებითა და ეროვნული ღირებულებების გააზრებით.

20 აპრილს საშუალო საფეხურის მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით გაიმართა შემოქმედებითი კონფერენცია, სადაც ახალგაზრდებმა საკუთარი ნაშრომები და იდეები წარმოადგინეს. 

თბილისის N37 საჯარო სკოლაში ჩატარებული „დედაენის კვირეული“, რომელიც 21 აპრილს გრანდიოზული დასკვნითი ღონისძიებით დაგვირგვინდა, ნათელი მაგალითი გახდა იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთიან ძალისხმევას - მასწავლებლების პროფესიონალიზმსა და მოსწავლეთა ენთუზიაზმს, შექმნას გარემო, სადაც ტრადიციული ღირებულებები და სწავლების თანამედროვე მეთოდები ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203