კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
9 აპრილი მხოლოდ ტკივილი არ არის - ეს არის ქართველი ერის გაუტეხელი სულისკვეთებისა და თავისუფლების დღე. სწორედ ამ ღირებულებების გარშემო გაერთიანდა ძველი აბაშის საჯარო სკოლა.
სკოლის მოსწავლეებმა მემორიალთან სანთლები დაანთეს და ყვავილებით შეამკეს. ხეებზე დატოვებული ლექსები და ბარათები მათი გულწრფელი პატივისცემის დასტურია. მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, ხელჩაკიდებულებმა, შეკრეს ცოცხალი ხიდი წარსულსა და მომავალს შორის - წუთიერი დუმილითა და ლექსებით კიდევ ერთხელ გაახმიანეს გმირების უკვდავი სახელი.
„ამ ახალგაზრდულმა ენთუზიაზმმა გააძლიერა ძველ აბაშაში უკვე 7 წლის წინ დამკვიდრებული ტრადიცია: დღესაც, გამთენიისას, 04:00 საათზე, ჩვენ კვლავ მემორიალთან შევიკრიბეთ. ჩვენი დგომით პატივი მივაგეთ 37 წლის წინანდელ თავგანწირვას. სანამ თაობებს შორის ეს კავშირი არსებობს, ჩვენი ეროვნული სულისკვეთება და დამოუკიდებლობა ურყევია!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


