
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი ნიჭისა და უნარების განვითარება-წახალისების მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
სკოლის სახვითი ხელოვნების მასწავლებელმა, მარინა ბოლღაშვილმა, მე-5-მე-6 კლასების მოსწავლეებთან ერთად დადგა თოჯინების თეატრი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „დაკარგული ბავშვი“ მიხედვით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, წარმოადგენა დედნის დღეს მიეძღვნა, რადგან მოთხრობის თემა სწორედ დედობრივ სიყვარულს, ზრუნვასა და შვილზე გულშემატკივრობას ეხება.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით მოამზადეს სპექტაკლი ისწავლეს როლები და გულით გადმოსცეს თითოეული პერსონაჟის განცდები. წარმოდგენა ემოციური და ამაღელვებელი გამოვიდა, რამაც მაყურებელი კიდევ ერთხელ დააფიქრა დედის როლზე ჩვენს ცხოვრებაში.
„ეს აქტივობა ბავშვებისთვის იყო არა მხოლოდ სასწავლო, არამედ შემოქმედებითი და დასამახსოვრებელი გამოცდილება“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.