
22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული და შთამბეჭდავი აქტივობები გაიმართა.
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებითობა და გარემოსადმი სიყვარული საინტერესო ნამუშევრებით გამოხატეს.
სკოლის სივრცე ნამდვილ გამოფენად გადაიქცა - კედლები გაფორმდა მოსწავლეთა ფერადი ნახატებით, რომლებზეც ასახული იყო სუფთა გარემო, მწვანე ბუნება და ჩვენი პლანეტის დაცვის იდეები. თითოეულმა ნამუშევარმა პატარა ხელოვანთა გულწრფელი გზავნილი გააჟღერა: „დავიცვათ დედამიწა!“ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მოსწავლეთა მიერ შექმნილმა მაკეტებმა.
პატარა ხელებით შექმნილი სამყაროები - ტყეები, მდინარეები, სოფლის ეზოები და ზღვის ეკოსისტემები - ნათლად წარმოაჩენდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება. გამოყენებული იყო ეკომეგობრული და გადამუშავებადი მასალები, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას. მოსწავლეებმა არა მხოლოდ შექმნეს ლამაზი ნამუშევრები, არამედ გაიაზრეს, რომ დედამიწის დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.
საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სკოლის ეზოს დასუფთავებაც მოაწყვეს.
„პატარა ხელებით, დიდი გულითა და პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბავშვებმა მოაწესრიგეს გარემო, შეაგროვეს ნარჩენები და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ბუნებაზე ზრუნვა სიტყვებით კი არა, ქმედებებით იწყება. მათი გულწრფელი მონდომება და სიხარული თითოეულ მოძრაობაში იგრძნობოდა - თითქოს თითოეულმა მათგანმა პატარა წვლილი შეიტანა დიდი საქმის კეთებაში. ამ აქტივობამ ბავშვებს არა მხოლოდ სისუფთავის მნიშვნელობა ასწავლა, არამედ ერთობის, შრომის სიყვარულისა და გარემოს პატივისცემის ფასეულობაც გააღვივა“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებში ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებას და მათში პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებას.
„სკოლის მიერ განხორციელებული ეს ინიციატივა კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა ნაბიჯებით დიდი ცვლილებების დაწყება. ჩვენი მოსწავლეები დღეს უკვე ფიქრობენ ხვალინდელ დედამიწაზე - უფრო სუფთა, უფრო მწვანე და უფრო უსაფრთხო პლანეტაზე“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: