„დედაენა - ჩვენი ძალა და ფესვია!“​ - კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის სიდიადეს ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
29-04-2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში - „დედაენა - ჩვენი ძალა და ფესვია!“ - დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები აქტიურად და ხალისით იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში, რამაც ეს დღე განსაკუთრებულად მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა.

„ქართული ენა მხოლოდ სიტყვები არ არის - ის ჩვენი ისტორიაა, ჩვენი ფესვებია, ჩვენი ტკივილი და სიხარულია; სულიერი საგანძურია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, მრავალ განსაცდელს გადაურჩა და დღესაც ამაყად გვაერთიანებს. თითოეულ ბგერაში, თითოეულ სიტყვაში ჩვენი წინაპრების სიბრძნე, სიყვარული და სამშობლოს სული ცოცხლობს.

დედაენის დღე გვახსენებს, რამდენად ძვირფასი და შეუფასებელია ის, რაც ერად გვკრებს, გვაძლიერებს და ჩვენს იდენტობას იცავს. ეს დღე თითოეულ ჩვენგანს გვავალდებულებს, გავუფრთხილდეთ ქართულ ენას, ერთგულად ვემსახუროთ მას და სიყვარულით გადავცეთ მომავალ თაობებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან. 

განსაკუთრებულ დღეს გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ქართული სიტყვის სილამაზე, სიღრმე და ძალა. თითოეულმა მონაწილემ თავისი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი დღის ღირსეულად და ლამაზად აღნიშვნაში.

„მადლობა ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და ორგანიზატორს გაწეული შრომისა და მონდომებისთვის.  გილოცავთ დედაენის დღეს! დედაენა - ჩვენი ძალაა, ჩვენი ფესვია და ჩვენი სიამაყეა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203