
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, მელქონ მაკარიანმა, მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებსა და ახალქალაქის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მერიაში უმასპინძლა.
მერიის „მომავლის სახლის“ დარბაზში გამართული ღონისძიების პირველი ნაწილი, გარემოსდაცვითი კამპანიისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ფარგლებში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ახალქალაქის №4 საჯარო სკოლისა და მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრი ახალგაზრდები.
ღონისძიების მიზანი გახლდათ ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობა და განათლების მხარდაჭერა, რათა მოსწავლეებმა კინოს საშუალებით შეიმეცნონ გარემოზე ზრუნვის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
აღსანიშნავია, რომ მერიის ახალგაზრდული საბჭო და ახალქალაქის №4 საჯარო სკოლა ერთობლივად ახორციელებენ სასწავლო პროექტს, რომელიც მოიცავს „ინოვაციური გაკვეთილების“ ჩატარებას ბიბლიოთეკაში, მუზეუმსა და კინოში.
მელქონ მაკარიანმა სტუმრებს მერიის შენობა და სამუშაო სივრცეები დაათვალიერებინა, ესაუბრა განათლების მნიშვნელობაზე, მიულოცა სწავლაში მიღწეული წარმატებები და აღნიშნა, რომ განათლების მიღება მხოლოდ ფორმალურ სასწავლო სივრცეში არ ხდება. მისი თქმით, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერებას, სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სასწავლო პროცესში წარმატების მიღწევას.
მერმა მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ფილმის ჩვენებასა და დისკუსიას ასევე ესწრებოდნენ: მერის მოადგილეები თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ოლგა მელიქიძე და მერიის ახალგაზრდული საბჭოს ხელმძღვანელი თამარ მიქელაძე.
იხილეთ ფოტოები: