
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეშტიის N2 საჯარო სკოლის მეხუთე კლასში ბუნებისმეტყველების გაკვეთილი ნამდვილ სამეცნიერო თავგადასავლად გადაიქცა - თემა „ვულკანები“ მოსწავლეებისთვის მხოლოდ მშრალი თეორია არ აღმოჩნდა; მათ საკუთარი ხელით გააცოცხლეს დედამიწის უძლიერესი სტიქია.
ბავშვებმა, საოცარი ენთუზიაზმითა და შემოქმედებითი მიდგომით, წინასწარ დაამზადეს ვულკანის მაკეტები. თითოეულ მოდელში იგრძნობოდა პატარა მკვლევრების შრომა და მონდომება. მათი ანთებული თვალები და პრეზენტაციის პროცესში გამოვლენილი თავდაჯერებულობა ნათლად მეტყველებდა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის სწავლების ინტერაქტიული მეთოდი - როცა ის თავად ხდება პროცესის შემოქმედი.
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, ვიზუალურად აღექვათ ვულკანის მუშაობის პრინციპი. ასეთი გაკვეთილები კი ბავშვებს არა მხოლოდ ფაქტებს ასწავლის, არამედ უღვივებს კვლევის, დაკვირვებისა და მეცნიერებისადმი სიყვარულს, რაც მომავალი წარმატებების საფუძველია.