
სკოლის ცხოვრებაში არსებობს მომენტები, რომლებიც განსაკუთრებულად გვითბობს გულს - ეს პირველკლასელთა მიერ გადადგმული პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯებია წერა-კითხვის ჯადოსნურ სამყაროში. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის ყველაზე პატარა აღსაზრდელებმა დედაენის კვირეული შემოქმედებითი დავალებით აღნიშნეს.
დავალების პირობა ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა საკმაოდ საპასუხისმგებლო იყო: ნახატების მიხედვით უნდა მოეთხროთ ამბავი, გაეცოცხლებინათ ბავშვური ფანტაზია, ქართული ასო-ბგერები ნელ-ნელა სიტყვებად, სიტყვები კი პატარა ამბად ექციათ...
ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი კი მასწავლებლის შეფასება აღმოჩნდა. მოსწავლეების რვეულებში სიამაყით აციმციმებული წითელი მინაწერი - „ვაშა, ჩვენ კითხვა ვიცით!“ - არ იყო მხოლოდ შეფასება. ეს იყო დიდი გამარჯვების აღიარება, იმ შრომისა და მონდომების დაგვირგვინება, რომელიც პატარებმა და მათმა პედაგოგმა მთელი წლის განმავლობაში გასწიეს.
გულმოდგინე ხელით დაწერილი ეს პატარა ამბები კი საუკეთესო დასტურია იმისა, რომ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში იზრდება თაობა, რომლისთვისაც წიგნიერება და შემოქმედებითი თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა.