
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ხელოვნებისა და ნიჭის ნამდვილი დღესასწაული შედგა. გაზეთ „არშალუისის“ (Arshaluys) მიერ ორგანიზებული კონკურსის - „ნიჭიერი თაობა“ - დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, განძის შოთა რუსთაველის სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შემოქმედებით ძალას საზღვრები არ აქვს. მათ მიერ წარმოდგენილი ორიგინალური ტილოები და ემოციური ლექსები კონკურსის ნამდვილ მშვენებად იქცა.
ფერწერის ნომინაციაში ასია ყაზარიანმა I საპატიო ადგილი დაიკავა, ხოლო ჰრიფსიმე თევანიანი II საპატიო ადგილის მფლობელი გახდა. მათმა ნამუშევრებმა ჟიურის მაღალი შეფასება და დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლაში შემოქმედებითი აღზრდის მაღალ დონეს.
გამორჩეული იყო მხატვრული კითხვის ნომინაციაც, სადაც ჰრიფსიმე ისპირიანმა ემოციური ლექსით საპატიო II ადგილი მოიპოვა. კონკურსზე საკუთარი ნიჭი წარმატებით გამოავლინეს და სიგელებით დაჯილდოვდნენ ასევე: შოღიკ ისპირიანი (მხატვრული კითხვა), ვენერა პალიანი, ოფელია გრიგორიანი, ლილია ისპირიანი და არევჰატ ყაზარიანი (ფერწერა).
სკოლა ამაყობს თითოეული მათგანით. ეს წარმატება არამხოლოდ პირადი მიღწევა, არამედ სკოლის, მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი შრომის შედეგია. „ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს ამ აღიარებას და ვუსურვებთ, რომ მათი შემოქმედებითი გზა მუდმივი წინსვლისა და ახალი, კიდევ უფრო დიდი აღმოჩენების მომტანი ყოფილიყოს!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.