„დედამიწა ჩვენი სახლია“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლაში სასწავლო -შემოქმედებითი, პრაქტიკული პროექტი განხორციელდა
28-04-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის III კლასში, მასწავლებელ რიტა ოთარაშვილის ხელმძღვანელობით, განხორციელდა სასწავლო -შემოქმედებითი -პრაქტიკული პროექტი „დედამიწა ჩვენი სახლია“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მიეძღვნა დედამიწის დღეს და მიზნად ისახავდა მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობის გააზრებასა და პასუხისმგებლიანი ქცევის ჩამოყალიბებას.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს, რატომ არის დედამიწა ჩვენი საერთო სახლი, რა ზიანს აყენებს გარემოს ნარჩენები და როგორ შეუძლია თითოეულ ადამიანს ბუნების დაცვაში საკუთარი წვლილის შეტანა.

ბავშვებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით: შექმნეს ნახატები დედამიწის გადასარჩენად, დაამზადეს ფერადი პოსტერი გარემოსდაცვითი მოწოდებებით, იმუშავეს ჯგუფურად და გაუზიარეს ერთმანეთს იდეები, მონაწილეობა მიიღეს შთამბეჭდავ აქტივობაში - „დედამიწის სიმბოლური დასუფთავება“.

განსაკუთრებით ემოციური იყო მომენტი, როდესაც გლობუსი, როგორც ჩვენი პლანეტის სიმბოლო, დაფარული იყო ცელოფნებით, ბოთლებითა და სხვადასხვა ნარჩენით. მოსწავლეებმა დიდი პასუხისმგებლობით „გაასუფთავეს“ დედამიწა და თითოეული ნარჩენი ურნაში მოათავსეს. ამ აქტივობამ ბავშვებს თვალსაჩინოდ დაანახა, რომ ყოველი გადაგდებული ფურცელი, ბოთლი თუ ცელოფანი ჩვენს საერთო სახლზე აისახება.

პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა ერთხმად შეასრულეს სიმღერა - „დედამიწა იღიმება“, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს სიყვარული ბუნებისადმი და მზაობა, იზრუნონ დედამიწაზე.

სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, მადლობას უხდის მასწავლებელ რიტა ოთარაშვილს საინტერესო, შემოქმედებითი და ღირებულებებზე დაფუძნებული პროექტის განხორციელებისთვის, ასევე III კლასის მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის, მონდომებისთვისა და დედამიწისადმი გამოხატული მზრუნველი დამოკიდებულებისთვის.

„მსგავსი პროექტები ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე აყალიბებს პასუხისმგებლობას, ეკოლოგიურ ცნობიერებასა და კეთილ დამოკიდებულებას გარემოს მიმართ. გვჯერა, რომ სწორედ ასეთი პატარა ნაბიჯებით იწყება დიდი ცვლილებები“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი და  ულოცავს მოსწავლეებსა და მასწავლებელს წარმატებით განხორციელებულ პროექტს.

„დედამიწა ჩვენი სახლია, დავიცვათ იგი სიყვარულით, ზრუნვითა და პასუხისმგებლობით!“,- ასეთია სკოლის მოსწავლეთა გზავნილი. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203