„სიცოცხლის რიტმი - ტრადიციები და კეთილდღეობა“ - ქუთაისის N4 სკოლაში, საბუნებისმეტყველო საგნების კათედრის ორგანიზებით, კონფერენცია ჩატარდა
28-04-2026

ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები განხორციელდა. საბუნებისმეტყველო საგნების კათედრის ორგანიზებით (პედაგოგები: ელენა ბუაძე, ხათუნა გორგოძე, მაია ჯანაშია), ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით -  „სიცოცხლის რიტმი - ტრადიციები და კეთილდღეობა.“

საინტერესო თემები წარმოადგინეს მოსწავლეებმა: ლიზი შავგულიძემ, ლიზი ფარულავამ და ნინი შავგულიძემ.

ჩატარდა გაკვეთილი ბიოლოგიაში (პედაგოგი ელენა ბუაძე) რუბრიკით: „ნახევარი საუკუნის პულსი - ცოდნა, რომელიც ცოცხლობს.“ VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა საზოგადოებასთან.

სკოლას განსაკუთრებული სითბო და ემოცია შემატა ნახევარი საუკუნის წინანდელი მოსწავლეების სტუმრობამ. ისინი კვლავ დაუბრუნდნენ თავიანთ ბავშვობას, როცა საყვარელი მასწავლებლის გაკვეთილს დაესწრნენ და წარსულის ნათელი მოგონებები გააცოცხლეს.

„დრო თითქოს შეჩერდა - იგივე თვალებში გაკრთა ის სითბო და მადლიერება, რომელიც წლების მანძილზე არ განელებულა. ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის წყარო კი არა, ცხოვრების ყველაზე ძვირფასი მოგონებების სახლია“,- აღნიშნავენ სკოლაში.

პედაგოგმა ელენა ბუაძემ ჩაატარა გაკვეთილი, რომელიც მისი 50-წლიანი მოღვაწეობის ნათელ ქრონიკად იქცა.

„ეს იყო არა მხოლოდ ცოდნის გაზიარება, არამედ დროის ქსოვილში ჩაქსოვილი გამოცდილების, სიყვარულისა და ერთგულების ამბავი“,- დასძენენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203