„როცა სიტყვა ფერად იქცევა და მელოდია - ემოციად“ - ინტეგრირებული გაკვეთილი ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში
27-04-2026

ქუთაისის №4 საჯარო სკოლის VI კლაში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: გაზაფხულის სუნთქვა - სიტყვად, ფერად და მელოდიად.

ინტეგრირიებული გაკვეთილი ეღტობილვად ჩაატარეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაკა გუბელაძემ, ხელოვნების პედაგოგმა ვერა ლომიძემ და მუსიკის მასწავლებელმა თამილა გიგატაძემ.

„ფანჯრებს მიღმა აპრილისთვის უჩვეულო სიცივე იყო, საკლასო ოთახში კი გაზაფხულის მშვიდი მუსიკა ისმოდა, მინდვრის ყვავილთა საამო სურნელი იდგა, სითბოსა და სიყვარულის ფონზე მეექვსეკლასელი გოგო-ბიჭები გაზაფხულის ჩანახატებს ქმნიდნენ.

13-მა მოსწავლემ 13  გამოჩენილი ავტორის გაზაფხულის თემაზე დაწერილი ლექსი შეისწავლა ქართულში და  ხელოვნებაში გაზაფხულის ფერთა გამაზე იმუშავა. გაზაფხულის „აქსესუარები“ არ დაივიწყეს პატარა შემოქმედებმა - თეთრად და ვარდისფრად აფეთქებული ბუნება, ირმის რქებში ჩამავალი მზე, ცის სილაჟვარდეს შერწყმული მერცხლები, ამღერებული ნაკადულები და წყაროები... გაზაფხულის მზე იღიმის ყველას ნახატში!

სიტყვამ ფერი შეიძინა, ფერმა - ხმა, ხოლო მუსიკამ თითოეულ ემოციას სიცოცხლე შემატა. ეს იყო სივრცე, სადაც ცოდნა და შემოქმედება ერთმანეთში გადანაცვლდა და მოსწავლეებისთვის სრულიად ახალი სამყაროს კარი გაიხსნა. ასეთი შერწყმა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სწავლა ყველაზე მეტად მაშინ ცოცხლობს, როცა ის გულსა და გრძნობებს ერთდროულად ეხება.

განსაკუთრებულ სითბოს მატებდა გაკვეთილს 2026-2027 სასწავლო წლისათვის პირველ კლასში ახლადარეგისტრირებული მარიტა ხუჯაძის ჩართულობა, რომელმაც თამამად და ინტერესით იმუშავა მეექვსეკლასელთა მხარდამხარ. მისი გულწრფელი ცნობისმოყვარეობა და ენერგია ჰარმონიულად შეერწყა უფროსების გამოცდილებას. ამ ერთიანობაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სწავლას ასაკი არ აქვს - იგი ყველას აერთიანებს.

ეს იყო გაკვეთილი-სპექტაკლი, რომელიც ნაზ მელოდიად იქცა, სადაც ქართული სიტყვის სიღრმე, ფერთა სინაზე და მუსიკის ჰანგი ერთ მთლიან სურათად დაიღვარა. ეს იყო წამი, როცა ცოდნა ხელოვნებად იქცა და სული სილამაზის რიტმს აჰყვა. ასეთი გაკვეთილი არა მხოლოდ ისწავლება - იგი იგრძნობა და გულში დიდხანს რჩება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203