ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვანის მაგისტრატი სასამართლოს სხდომათა დარბაზში სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი გამართეს
27-04-2026

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით შთამბეჭდავი პროექტი განხორციელდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, 22 აპრილს, ვანის მაგისტრატი სასამართლოს სხდომათა დარბაზში ძალზედ უცნაური პროცესი გაიმართა. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით მიმდინარეობდა და ასეც იყო, სასამართლო პროცესის მონაწილე და დარბაზში მყოფ პირებს, მცირედითაც არ დაურღვევიათ პროცესუალური ნორმები, მაგრამ უცნაურობა მდგომარეობდა მასში, რომ სასამართლო სხდომის თავმჯდომარე მოსამართლის, სხდომის მდივნის, ბრალდების მხარე პროკურორების, დაცვის მხარე ადვოკატების, ბრალდებულის, მოწმეებისა და ნაფიცი მსაჯულების ადგილები პროფესიონალი იურისტებისა და სრულწლოვანი მოქალაქეების ნაცვლად ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ეკავათ, ხოლო დარბაზში, დამსწრე პირებად ამავე სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეთა ოჯახის წევრები ისხდნენ.

„დიახ, დღეს ვანის მაგისტრატი სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა და დამსწრე პირთა თქმით, საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მიერ იმდენად დამაჯერებლად იქნა შესრულებული პროფესიონალ იურისტთა, მოწმეთა, ბრალდებულისა და დაზარალებულის როლები, რომ თავი ნამდვილ სასამართლო პროცესზე ეგონათ. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ განსახილველი საქმე უმძიმეს დანაშაულს, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტს შეეხებოდა, მაგრამ საქმის სიმძიმეს როდი შეუშინდნენ სკოლის პატარა იურისტები, პირიქით, ისეთი ჟინითა და გააფრთებით იცავდნენ თავიანთ პოზიციებს, რომ ნაფიც მსაჯულებს საკმაოდ ხანგრძლივი მსჯელობა დასჭირდათ ვერდიქტის გამოსატანად“,- გვიყვებიან ზედა ვანის საჯარო სკოლაში და სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება. 

ღონისძიების ხელმძღვანელი მადლობას უხდის ყველას ვისაც ღონისძიების ჩატარებაში მიუძღვის წვლილი. 

უნდა აღვნიშნო, რომ მე, როგორც ამ პროცესის შემოქმედი, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმიტირებული სასამართლო პროცესის ჩატარებაში წვლილი შეიტანა: უღრმესი მადლობა ვანის მუნიციპალიტეტის ზედა ვანის საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლია ნოზაძეს, პედაგოგებს და ტექნიკურ თანამშომლებს; უღრმესი მადლობა ამავე სკოლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი მე-7, მე-8 და მე-9 კლასებს; უღრმესი მადლობა მშობლებს და მოსწავლეთა ოჯახის წევრებს; უღრმესი მადლობა ვანის მაგისტრატი მოსამართლის თანაშემწეს, პედაგოგსა და ჩემს უახლოეს მეგობარს თინათინ მაღლაკელიძეს.

იმედს გამოვთქვამ, რომ დღევანდელი დღე მოტივაციას გაუზრდის ჩვენს მოსწავლეებს და მათ დაეხმარება პროფესიის არჩევაში, რათა მეტი პროფესიონალი კადრი მივიღოთ სამართალდამცავ ორგანოებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასასაქმებლად.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ წარმატებებს ახალ პროექტებში“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203