„ენა დედაა ერისა“ - დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული იანეულის საჯარო სკოლაში
27-04-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლაში 14 აპრილი - დედაენის დღე განსაკუთრებული საზეიმო განწყობითა და მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. ეს დღე სკოლისთვის იქცა არა მხოლოდ ისტორიული თარიღის გახსენებად, არამედ ქართული ენისადმი უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებად. სასწავლო პროცესის სხვადასხვა საფეხურზე განხორციელებულმა ღონისძიებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იანეულის სკოლა ერთგულად იცავს და მომავალ თაობებს გადასცემს ჩვენს უმთავრეს საუნჯეს - მშობლიურ ენას.

აღსანიშნავია VII კლასის მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია - „დედაენა“. პედაგოგ სოფიო კალანდაძის ხელმძღვანელობით, ბავშვებმა სიღრმისეულად მიმოიხილეს ქართული ენის წარმოშობისა და განვითარების რთული, თუმცა საამაყო ისტორია. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ქართული ენა საუკუნეების მანძილზე იდგა. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ემოციით გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილის ისტორიული მოვლენები, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი დაიცვა. 

პარალელურად, სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს დაწყებითი საფეხურის (II-III-IV) კლასების მოსწავლეებმა. პედაგოგების: ნათია მეფარიშვილის, ნინო სალიასა და ელენე სიხარულიძის ერთობლივი შრომითა და ენთუზიაზმით ჩატარებული ღონისძიება „ენა დედაა ერისა“ დაუვიწყარ სანახაობად იქცა. პატარებმა ლექსებით, სიმღერებითა და თემატური გამოსვლებით პატივი მიაგეს იაკობ გოგებაშვილის უკვდავ მემკვიდრეობას. მასწავლებლების მაღალმა კვალიფიკაციამ და ბავშვებისადმი ინდივიდუალურმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ თითოეულმა მოსწავლემ შეძლო საკუთარი ნიჭის წარმოჩენა.

იანეულის საჯარო სკოლაში ჩატარებული ეს აქტივობები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით აღიზარდოს პატრიოტი და განათლებული თაობა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203