„ფერადი კვალი რელიეფზე“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლის ეზოში, სასწავლო-შემოქმედებითი-პრაქტიკული პროექტის ფარგლებში, ვარდების ბაღი გაშენდა
27-04-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში განხორციელდა გეოგრაფიის სასწავლო-შემოქმედებითი-პრაქტიკული პროექტი „ფერადი კვალი რელიეფზე - ვარდების ბაღი“.

პროექტი IX და X კლასების მოსწავლეებთან ერთად განახორციელა გეოგრაფიის მასწავლებელმა - ნანა გახოკიძემ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ შემოიფარგლა მხოლოდ თეორიული ცოდნითა და საკლასო აქტივობებით.

პედაგოგმა ნანა გახოკიძემ საკუთარი ინიციატივით შეიძინა ვარდების სხვადასხვა ჯიშის ნერგები, ხოლო მოსწავლეებმა მასწავლებლის ხელმძღვანელობით შეისწავლეს სკოლის ეზოს რელიეფი, ნიადაგი, მზის განათება და გარემო პირობები, რის შემდეგაც ნერგები სკოლის ეზოში დარგეს.

პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს გეოგრაფიული ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობასთან დაეკავშირებინათ და გაეაზრებინათ, რომ მცენარის დარგვა და მწვანე სივრცის შექმნა მოითხოვს გარემოს სწორ შეფასებას, რელიეფის გათვალისწინებას, ნიადაგის ცოდნას, წყლის ხელმისაწვდომობასა და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პროექტის ყველა ეტაპში: დააკვირდნენ სკოლის ეზოს, იმსჯელეს დარგვისთვის შესაფერის ადგილებზე, დაგეგმეს ნერგების განლაგება, მოამზადეს სივრცე და უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა ვარდების სხვადასხვა ჯიშის ნერგების დარგვაში. მათ ასევე შექმნეს პროექტის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა, პოსტერი, კედლის გაზეთი და პრეზენტაცია.

პროექტის შედეგად სკოლის ეზოში გაჩნდა ახალი, ლამაზი და სიმბოლური სივრცე - ვარდების ბაღი, რომელიც მოსწავლეთა შრომის, მასწავლებლის ინიციატივისა და სკოლის გარემოზე ზრუნვის თვალსაჩინო შედეგია.

„ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში: გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარებას, გეოგრაფიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, გუნდურ მუშაობას, შრომითი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, სკოლის სივრცისადმი მზრუნველ დამოკიდებულებას“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, მადლობას უხდის გეოგრაფიის მასწავლებელს - ნანა გახოკიძეს, ამ ლამაზი და მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის, ვარდების ნერგების შეძენისა და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

„მადლობა IX-X კლასის მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის, შრომისმოყვარეობისთვის, გუნდური მუშაობისთვის და სკოლის ეზოს გალამაზებაში შეტანილი წვლილისთვის.

როდესაც მოსწავლე საკუთარი ხელით რგავს მცენარეს, ის მხოლოდ ნერგს არ რგავს, ის რგავს პასუხისმგებლობას, სიყვარულს, ზრუნვას და უკეთესი გარემოს შექმნის სურვილს.

ვულოცავთ ქალბატონ ნანა გახოკიძესა და პროექტში მონაწილე მოსწავლეებს წარმატებით განხორციელებულ პროექტს. გვჯერა, რომ სკოლის ეზოში დარგული ვარდები მომავალში კიდევ უფრო გაალამაზებს ჩვენს გარემოს და მოსწავლეებს ყოველდღიურად შეახსენებს, რომ მათი შრომა და ზრუნვა ნამდვილად მნიშვნელოვანია“,- აღნიშნავს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203