
წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - „მოგზაურობა ქართულ თეატრში - წარსულიდან დღემდე“.
საღამო მიეძღვნა ქართული სცენური ხელოვნების ისტორიასა და მის როლს ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში.
ღონისძიების მონაწილეებმა მაყურებელს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ თეატრი არ არის მხოლოდ სცენა. ეს არის ადგილი, სადაც ცოცხლდება ქართული სიტყვა, სადაც წარსული და აწმყო ერთმანეთს ხვდება და სადაც საქართველო საკუთარ თავს სარკეში ხედავს.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები - პირველი კლასიდან მეთერთმეტე კლასების ჩათვლით.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პატარებისა და უფროსკლასელების ერთობლივმა მუშაობამ შემოქმედებითი და მეგობრული ატმოსფერო შექმნა, რაც თეატრალური ხელოვნების მთავარი ძალაა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: მანანა უერთაშვილი და თამარ მეტრეველი.