
ქუთაისის N20 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი და შინაარსიანი აქტივობებით აღინიშნა. I-დან IV კლასის ჩათვლით მოსწავლეები ერთიან ეკოინიციატივაში ჩაერთნენ, რომლის მიზანიც ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობის გააზრება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო.
პირველი კლასის მოსწავლეებმა გასვლითი აქტივობის ფარგლებში ბუნებასთან უშუალო კონტაქტში ისწავლეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათი პირველი ნაბიჯები ბუნების სამყაროს გაცნობაში სიხარულითა და ინტერესით იყო სავსე.
მეორე კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დასუფთავების აქცია მოაწყვეს და აქტიურად ჩაერთნენ გარემოს მოწესრიგებაში. მათი ჩართულობა კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ პატარა ასაკიდანვე ჩამოყალიბებული პასუხისმგებლობა დიდ შედეგებს იძლევა.
მესამე კლასის მოსწავლეებმა თემატური ვიდეო მასალა ნახეს, რის შემდეგაც იმსჯელეს დედამიწაზე არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე. დისკუსიამ ბავშვებს შესაძლებლობა მისცა საკუთარი აზრი გამოეთქვათ და ეკოლოგიური საკითხები ასაკის შესაბამის დონეზე გაეაზრებინათ.
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა კი პრაქტიკული საქმიანობით აღნიშნეს დღე - სკოლის ეზოში სხვადასხვა მცენარე დარგეს და ამით გარემოს გამწვანებას საკუთარი წვლილი შეიტანეს.
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ეს ერთიანი აქტივობები კიდევ ერთხელ გახდა იმის დასტური, რომ გარემოს დაცვა იწყება განათლებით, პრაქტიკული ჩართულობითა და ბავშვებში სიყვარულის გაღვივებით ბუნების მიმართ.
იხილეთ ვიდეოები: