ჭიათურის მუნიციპალიტეტის, კაცხის საჯარო სკოლაში ჩატარდა განსაკუთრებული ღონისძიება, რომელმაც სკოლის კედლებში საოცარი სიყვარული დაამკვიდრა. ღონისძიება - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!“ მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნასა და მის უდიდეს მემკვიდრეობას. ეს იყო დღე, როდესაც მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთად გადაავლეს თვალი იმ ეპოქალურ ღვაწლს, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა ქართველი ერის სულიერ გადარჩენასა და აღორძინებას შესწირა.
ღონისძიებაზე გაჟღერდა პატრიარქის სიტყვები, მოსწავლეებმა დიდი მოკრძალებით წარმოადგინეს ლექსები, ჩანახატები და მუსიკალური ნომრები. მათ მიერ გამოცემული კედლის გაზეთი, სახელწოდებით „მზიანი ღამე“, სიმბოლურად გამოხატავდა იმ იმედს, რომელსაც უწმინდესი ათწლეულების მანძილზე უნერგავდა ხალხს. ბავშვებმა საკუთარი გამოსვლებითა და ნამუშევრებით აჩვენეს, რომ ფასეულობები - სიყვარული, მიტევება და თავმდაბლობა - რაც პატრიარქის ცხოვრების გზა იყო, მათთვის მთავარ ორიენტირად იქცა.
საღამოს განსაკუთრებული სულიერი დატვირთვა შესძინა კაცხის მაცხოვრის შობის ტაძრის მოძღვრის, მამა იოანეს დასწრებამ. მან მოსწავლეებთან საუბრისას ხაზი გაუსვა პატრიარქის სულიერ სიდიადეს და მის განუზომელ როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში. მამა იოანემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აერთიანებდა უწმინდესი ერს ყველაზე რთულ ჟამს და როგორ იქცა ის ნამდვილ სულიერ მამად თითოეული მართლმადიდებლისთვის. მოძღვრის დარიგებებმა და პატრიარქის ცხოვრებისეულმა მაგალითებმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ დაანახა, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი ადამიანი და შენი ქვეყნის ერთგული შვილი.
ღონისძიებაზე სუფევდა ატმოსფერო, სადაც პატრიარქის წასვლით გამოწვეული ტკივილი და მის მიმართ მადლიერება ერთმანეთს ერწყმოდა. კაცხის საჯარო სკოლამ კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო კერა, არამედ ადგილი, სადაც ეროვნული ფასეულობები, სარწმუნოება და ტრადიციები თაობიდან თაობას დიდი სიყვარულით გადაეცემა.


