ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის პედაგოგის, ანასტასია ინაკავაძის ინიციატივით, „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილი გაკვეთილი ჩატარდა, რომელმაც გარემოს დაცვაზე ზრუნვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოკვეთა.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა გაიგეს, რომ დედამიწის დღე მსოფლიოში ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება, მისი დაარსება კი 1970 წელს უკავშირდება და დღეს უკვე 193-ზე მეტი ქვეყანა ერთიანდება ამ იდეის გარშემო.
სასწავლო პროცესი მხოლოდ თეორიით არ შემოიფარგლა - ბავშვებმა იმსჯელეს იმ საფრთხეებზე, რასაც ადამიანები საკუთარი საქმიანობით უქმნიან გარემოს. მათ განიხილეს ეკოლოგიური პრობლემები და ერთად იფიქრეს იმ გზებზე, რომლებიც დედამიწის დაცვასა და უკეთესი მომავლის შექმნას შეუწყობს ხელს.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი ნახატები, რომლებშიც მათ საკუთარი ხედვა და პასუხისმგებლობა გამოხატეს. თითოეულ ნამუშევარში იგრძნობოდა სურვილი - დაეცვათ და შეენარჩუნებინათ ჩვენი საერთო სახლი.
ეს გაკვეთილი კიდევ ერთხელ გახდა შეხსენება, რომ დედამიწაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. სწორედ ასეთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებით იწყება დიდი ცვლილებები.
ვუსურვებთ მოსწავლეებს უსაფრთხო და ბედნიერ მომავალს - სამყაროში, რომელსაც თავადვე გაუფრთხილდებიან.
იხილეთ ფოტოები: