„მწვანე მომავალი“ თორიის საჯარო სკოლიდან იწყება - დედამიწის დღეს შთამბეჭდავი აქტივობა მიეძღვნა
24-04-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე არა მხოლოდ კალენდარული თარიღი, არამედ სიყვარულისა და გარემოზე ზრუნვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. IV-V კლასების მოსწავლეებმა, ბუნების მასწავლებელ ეღისაბეტ მალხასიანის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მასზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა.

პედაგოგმა შეძლო, ბავშვებში ბუნების დაცვის აუცილებლობა ემოციურ პასუხისმგებლობად ექცია - პატარა „ბუნების მცველებმა“ დიდი პასუხისმგებლობით წარმოადგინეს საკუთარი ხედვა: საუბრობდნენ გარემოს სისუფთავის შენარჩუნებაზე, წყლის რესურსების დაზოგვასა და ბუნების უპირობო სიყვარულზე. მათი სიტყვები, რომლებიც სავსე იყო გულწრფელობით, ამტკიცებდა, რომ „მწვანე მომავალი“ სწორედ მათგან იწყება. მოსწავლეებმა აჩვენეს, რომ პატარა ასაკის მიუხედავად, მათ უკვე კარგად ესმით ის გლობალური გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩვენი პლანეტა დგას.

ღონისძიების კულმინაცია განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა - მასწავლებელმა თითოეულ ბავშვს გადასცა „მწვანე მომავლის“ სერტიფიკატი, რომელიც გახლდათ აღიარება მონდომების, აქტიურობისა და იმ დაპირების სიმბოლო, რომ ისინი მუდამ იქნებიან ბუნების ერთგული მეგობრები. 

„მადლობა თითოეულ მოსწავლეს ასეთი თბილი განწყობისა და შთამბეჭდავი გამოსვლებისთვის. დაე, ეს დღე იყოს მუდმივი შეხსენება ყველასთვის: დედამიწას ჩვენი ზრუნვა სჭირდება არა მხოლოდ წელიწადში ერთხელ, არამედ ყოველდღე. თორიის სკოლის მოსწავლეებმა ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარეს - მათ უკვე იციან, როგორ გაუფრთხილდნენ ჩვენს საერთო სახლს“, - ასე შეაფასა სასკოლო საზოგადოებამ მასწავლებლისა და ბუნების პატარა მცველების მიერ ჩატარებული აქტივობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203