დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება ნახუნაოს საჯარო სკოლაში 
24-04-2026

22 აპრილს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლაში გაიმართა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც გამოირჩეოდა მრავალფეროვნებითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით.

ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავი და შინაარსიანი იყო. მოსწავლეებმა დამაჯერებლად წარმოადგინეს სიტყვით გამოსვლები, სადაც ისაუბრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და დედამიწის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მათ მიერ დადგმულმა იუმორისტულმა ნომერმა საინტერესოდ და თვალსაჩინოდ წარმოაჩინა ეკოლოგიური პრობლემები, ხოლო სიმღერამ და ცეკვამ ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური ფონი შემატა.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ბუშტების ცაში გაშვების მომენტი, რაც სიმბოლურად გამოხატავდა სუფთა და უკეთესი გარემოსკენ სწრაფვას. მოსწავლეებმა ასევე შექმნეს თემატური ნახატები ფორმატებზე, სადაც საკუთარი ხედვით ასახეს დედამიწის დაცვა და ბუნების მნიშვნელობა.

ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები შემეცნებითი ვიდეო იყო ინფორმაციული და დაეხმარა მოსწავლეებს ეკოლოგიური საკითხების უკეთ გააზრებაში. ვიქტორინამ კი კიდევ უფრო გააქტიურა მათი ჩართულობა და ცოდნის შემოწმება სახალისო ფორმით უზრუნველყო.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი იყო ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ნონა ცანავა, რომლის ძალისხმევითა და ინიციატივით ღონისძიება მაღალ დონეზე ჩატარდა. ასევე, ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქართულის მასწავლებლები - ლეილა ბაძაღუა, ელენე გაბეშია და ტექნოლოგიის მასწავლებელი დავით პირტახია.

საერთო ჯამში, ღონისძიება წარმატებით განხორციელდა. მოსწავლეებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარები, პასუხისმგებლობის გრძნობა და გარემოს დაცვისადმი დადებითი დამოკიდებულება, რაც ნამდვილად დასაფასებელია.

მასალები მოამზადეს - ელენე გაბეშიამ და დავით პირტახიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203