მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ეზოში მოსწავლეები ყვავილების ბაღს აშენებენ
24-04-2026

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზო  საგაზაფხულოდ ნარგავებითა და ყვავილებით შეავსეს.  ინიციატივა, სახელწოდებით - „გავაშენოთ ყვავილების ბაღი“, სასწავლო პროცესის ორგანულ ნაწილად იქცა და მოსწავლე-მასწავლებელთა და მშობელთა ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

აქტივობას წინ უძღოდა  ქართული ენის (მასწავლებელი: ლია ჩიტიაშვილი)  და ბუნებისმეტყველების (მასწავლებელი: ნატა  შიოლაშვილი) გაკვეთილებზე შესაბამისი თემების შესწავლა. ქართულ ენაში მოსწავლეები გაეცნენ თემას - „გაზაფხული“, ხოლო ბუნებისმეტყველებაში -„მცენარის აგებულება“. საგანთა ინტეგრაციის გზით დაგეგმილმა აქტივობამ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებად აქცია.

გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად ისაუბრეს მცენარის ნაწილებზე, მათ ფუნქციებსა და მნიშვნელობაზე. კითხვა-პასუხის რეჟიმში შეაჯამეს მიღებული ცოდნა და უკეთ გააცნობიერეს მცენარეთა როლი გარემოსა და ადამიანის ცხოვრებაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობის გრძელვადიანი მიზანიც სწორედ ამაში მდგომარეობდა - ბუნების სიყვარულისა და დაცვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა, სამყაროში მცენარეთა მნიშვნელობის გააზრება.

მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში - ბავშვებთან ერთად შეარჩიეს მცენარეები, იზრუნეს მათ სწორ დარგვაზე და გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.

„ამგვარმა თანამშრომლობამ კიდევ უფრო გააძლიერა სასკოლო საზოგადოების ერთიანობა. მშობელთა ჩართულობით, მაწავლებელთა და მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლის ეზოს ერთი ლამაზი კუთხე შეემატა“,- აღნიშნავენ სკოლა-გიმნაზიაში და ახარებთ ერთგუნდად შეკრული სასკოლო საზოგადოება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203