მუსიკის ჰანგებად გაბნეული ქართული დამწერლობა და დედაენის დღესასწაული შუასურების საჯარო სკოლაში
24-04-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, შუასურების საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს მეორე კლასის მოსწავლეები და პედაგოგი მარინა ტრაპაიძე შეუერთდნენ - მათ ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს სკოლას.

ჩატარებული ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში არ ყოფილა მხოლოდ ცოდნის დემონსტრირება; ეს იყო ქართული ასო-ბგერების გაცოცხლებისა და მშობლიური ენის სიღრმეებში მოგზაურობის შემეცნებითი თავგადასავალი.

ბავშვების საყვარელმა მარინა მასწავლებელმა შეძლო, დედაენის დღისა და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები, რთული ისტორიული ფაქტები პატარებისთვის გასაგებად აეხსნა, გაკვეთილის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი კი კალიგრაფიის კონკურსი აღმოჩნდა. განსაკუთრებული მუსიკალური გაფორმების ფონზე, მოსწავლეები მოკრძალებითა და მონდომებით ხაზავდნენ ქართულ ასოებს. მუსიკისა და კალიგრაფიის სინთეზმა კლასში საოცარი სიმშვიდისა და შემოქმედებითი აღმაფრენის ატმოსფერო შექმნა. ეს აქტივობა მოსწავლეებს ეხმარებოდა არა მხოლოდ მოტორიკის განვითარებაში, არამედ იმის გააზრებაში, რომ ქართული დამწერლობა ხელოვნებაა, რომელსაც გაფრთხილება და მოვლა სჭირდება.

მასწავლებლის დამსახურებით ბავშვებმა არა მხოლოდ გაიაზრეს დედაენის მნიშვნელობა, არამედ საკუთარი ხელით შეეხნენ ქართული კულტურის სილამაზეს; ჩატარებული აქტივობა კი მათ მეხსიერებაში დარჩება როგორც ყველაზე თბილი და ნათელი გაკვეთილი.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203