„დედაენა - სიბრძნის ამოუწურავი წყარო“ - მშობლიური საუნჯის ღირსეული მემკვიდრეები შუასურების საჯარო სკოლიდან
24-04-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, შუასურების საჯარო სკოლაში დედაენის კვირეული განსაკუთრებული მასშტაბითა და შინაარსობრივი დატვირთვით ჩატარდა, მრავალფეროვან აქტივობებს შორის, აღსანიშნავია, პროექტი-პრეზენტაცია სახელწოდებით - „დედა ენა სიბრძნის წყარო“, რომლის მთავარი შემოქმედნი IV-VII კლასების მოსწავლეები იყვნენ.

აქტივობას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ კომპლექსური სასწავლო პროცესი, სადაც ისტორიამ, ხელოვნებამ და ლიტერატურამ ერთიან სივრცეში მოიყარა თავი. პროექტის მიზანი კი ქართული დამწერლობისა და ენის საგანძურის წარმოჩენა გახლდათ.

პროექტის წარმატების უკან პედაგოგ ლია რამიშვილის მაღალი პროფესიონალიზმი დგას - მან შეძლო სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეების ჩართვა შემოქმედებით პროცესში და ბავშვებს მისცა საშუალება, თავად გამხდარიყვნენ ქვეყნის საამაყო ისტრიის მონაწილენი. 

ღონისძიების ფარგლებში მოწყობილი საინფორმაციო კუთხე და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა კიდევ ერთი თვალსაჩინოება იყო მასწავლებლის შრომის, ბავშვების მონდომების და რა თქმა უნდა მშობლიური ენისადმი მათი გაუზომელი სიყვარულისა.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ინტერაქციულმა აქტივობამ - „საწერი საშუალებები ძველად“. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით გამოსცადეს, თუ როგორ იწერებოდა ტექსტები ბატის ფრთითა და მელნით. ეს სიმბოლური კავშირი წარსულთან ბავშვებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა, რამაც მათ კიდევ უფრო მეტად დააფასებინა წიგნისა და დამწერლობის ისტორიული გზა.

პროექტის კულმინაცია მოსწავლეთა პრეზენტაციები და ჯგუფური სამუშაოები იყო - მათ წარმოადგინეს კვლევის შედეგები, სადაც ნათლად ჩანდა მათი ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი. პროექტზე მუშაობისას ერთმანეთს უზიარებდნენ ცოდნას, მსჯელობდნენ და უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ასეთი აქტივობები უწყობს ხელს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარის გაღვივებას.

პროექტი „დედა ენა სიბრძნის წყარო“ შუასურების საჯარო სკოლის ცხოვრებაში კიდევ ერთ ნათელ ფურცლად ჩაიწერა. პედაგოგ ლია რამიშვილის თავდაუზოგავმა შრომამ და მოსწავლეთა მონდომებამ შედეგი გამოიღო - ბავშვებმა სკოლიდან გაიყოლეს არა მხოლოდ ინფორმაცია, არამედ დიდი ემოცია და სიამაყის განცდა, რომ ისინი ქართული სიბრძნის მემკვიდრეები არიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203