მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გასვლითი გაკვეთილით ნოქალაქევის არქეოლოგიურ ბაზას სტუმრობდნენ 
28-04-2026

მარტვილის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი მოეწყო. 

გასვლითი, საგნის „ჩვენი საქართველო“ (საგნის მასწავლებელი-ნიკოლოზ წულაია) სასწავლო პროგრამის შესაბამისად, პროექტის ფარგლებში, ნოქალაქევის არქეოლოგიურ ბაზაზე ჩატარდა. 

აქტივობა მიზნად ისახავდა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და მოსწავლეთა დაინტერესებას ისტორიული კვლევის მეთოდებით.

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სპეციალისტების დახმარებით, 31-ივე მოსწავლე აქტიურად ჩაერთო „საბავშვო არქეოლოგიის“ პროგრამაში. პროცესი წარიმართა რამდენიმე საფეხურად:

1. არქეოლოგიური აღმოჩენა: მოსწავლეებმა სპეციალურ საველე მოედნებზე, არქეოლოგიური ხელსაწყოების გამოყენებით, თავად აღმოაჩინეს სხვადასხვა ეპოქის ნივთების იმიტირებული ფრაგმენტები (კერამიკა, სამკაული, სამუშაო იარაღები).

2. აღწერა და დახასიათება: თითოეულმა მოსწავლემ მოახდინა ნაპოვნი ნივთის იდენტიფიცირება. მათ აღწერეს ნივთის ფორმა, მასალა და ფაქტურა.

3. გრაფიკული ფიქსაცია (ჩახატვა): როგორც ნამდვილმა მკვლევარებმა, ბავშვებმა დღიურებში ჩაიხატეს აღმოჩენილი ობიექტები, რაც დაეხმარათ დეტალებზე დაკვირვებაში.

4. დისკუსია და მსჯელობა: გაიმართა ჯგუფური მსჯელობა ნივთების პრაქტიკულ დანიშნულებაზე. მოსწავლეებმა გამოთქვეს ვარაუდები, თუ რისთვის გამოიყენებოდა ეს ნივთები ძველ ეგრისში და როგორ ახასიათებდა ისინი იმდროინდელი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას.

აქტივობის დასასრულს, წარმატებით შესრულებული სამუშაოსა და გამოვლენილი ინტერესისათვის, 31-ივე მოსწავლეს გადაეცა სპეციალური სერტიფიკატი, რაც მათთვის დამატებითი მოტივაცია გახდა.

მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ისტორია მხოლოდ სახელმძღვანელოში დაწერილი ტექსტი არ არის, არამედ რეალური, ხელშესახები ნივთებით აღდგენილი სურათია.

„პროექტმა ხელი შეუწყო გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის მოფრთხილების უნარების განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და გასვლითი ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203