
თბილისის N28 საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უფროსკლასელებს შეხვდნენ. სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს სამხედრო წოდებები, მათი მნიშვნელობა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები.
ასევე ისაუბრეს სამხედრო სასწავლებლებისა და აკადემიური პროგრამების შესახებ, რაც ახალგაზრდებს ეხმარება პროფესიული არჩევანის სწორად გაკეთებაში.
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში, პრეზენტაციების სახით გააცნეს თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანები, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები.
მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაციები საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. ისინი დაინტერესდნენ საქართველოს ეროვნული გმირებით, მათ უშუალოდ ჯარისკაცებისაგან მოისმინეს თითოეული მათგანის გმირობის ისტორია.
შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა.
პროექტი „ჩვენი ჯარი“ ითვალისწინებს მოზარდებსა და ახალგაზრდებში საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ ცნობადობის ამაღლებას, ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის ხელშეწყობას.
იხილეთ ფოტოები: