მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული საინტერესო აქტივობები მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ საშუალო სკოლაში
23-04-2026

მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მრავალფეროვანი და შინაარსით დატვირთული აქტივობები გაიმართა, რომლის ინიციატორი და ხელმძღვანელი  გეოგრაფიისა და „ჩვენი საქართველოს“ პედაგოგი ქეთევან რაზმაძე იყო.

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი პრობლემების გააზრებასა და მათი გადაჭრის გზებზე დაფიქრებას.

მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო ხასიათის პლაკატები, პოსტერები, ბროშურები და საინტერესო პრეზენტაციები. დეტალურად ისაუბრეს თანამედროვე ეკოლოგიურ გამოწვევებზე - გარემოს დაბინძურებაზე, კლიმატის ცვლილებაზე, რესურსების არარაციონალურ გამოყენებაზე  და წარმოადგინეს მათი გადაჭრის შესაძლო გზები.

აქტივობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პრაქტიკული სამუშაო. მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო, რითაც  საკუთარი პასუხისმგებლობა გამოხატეს გარემოს მიმართ. როგორც თავად აღნიშნეს, ეს მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და ემოციური გამოცდილება აღმოჩნდა.

დღის განსაკუთრებულად სახალისო ნაწილი ვიქტორინა იყო, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა გარემოსდაცვით ამოცანებსა და კითხვებს. მოსწავლეები მუშაობდნენ როგორც გუნდებად, ასევე  წყვილებში, ერთმანეთს უზიარებდნენ აზრებს და ერთად ცდილობდნენ სწორი პასუხების პოვნას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნულმა აქტივობამ კიდევ უფრო გააძლიერა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარები.

„განსაკუთრებული ინტერესით შეხვდნენ მოსწავლეები ეკოლოგიურ თემატიკაზე შექმნილ ქეისებს, რომლებზეც ჯგუფურად მუშაობდნენ. განხილვის პროცესში ისინი მსჯელობდნენ პრობლემებზე, აანალიზებდნენ მიზეზებს და გვთავაზობდნენ რეალურ, პრაქტიკულ გამოსავალს“,- გვიყვებიან სკოლაში. 

დღის ბოლოს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ნახეს გიორგი ოვაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „ეს შენი სახლია“. ფილმის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი შეხედულებები, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ დედამიწა და მოვუფრთხილდეთ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. დისკუსია გამოირჩეოდა აქტიურობითა და არგუმენტირებული მსჯელობით.

დედამიწის დღის აღნიშვნა სკოლაში გადაიქცა არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ ისეთ გამოცდილებად, რომელმაც მოსწავლეებს აჩვენა, რომ დედამიწა მართლაც ჩვენი საერთო სახლია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის  მოვალეობაა.

„ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნა მივცეთ, არამედ ვასწავლოთ იმ სამყაროს სიყვარული და გაფრთხილება, რომელშიც ვცხოვრობთ”,- აღინიშნა ღონისძიების შეჯამებისას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203