
ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ.
lა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მაია ყულეჯიშვილის ხელმძღვანელობით, დიდი სიხარულით შეუერთდნენ დედამიწის დღის აღნიშვნას.
პედაგოგი პატარებს ამ დღის მნიშვნელობასა და მიზნებზე ესაუბრა. აუხსნა, რომ 22 აპრილი გამორჩეული თარიღია, რადგან ადამიანები დედამიწის დღეს აღნიშნავენ, რათა გამოხატონ თავიანთი სიყვარული და გამოიჩინონ მზრუნველობა ჩვენი პლანეტის მიმართ. ეს ყველაფერი დაიწყო 1970 წელს, როდესაც ამერიკელმა სენატორმა გეილორდ ნელსონმა გადაწყვიტა, რომ ადამიანებისთვის აეხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედამიწის დაცვა. მან მოაწყო დიდი ღონისძიება. სადაც მთელი ქვეყნიდან შეიკრიბნენ ადამიანები, რათა ესაუბრათ პლანეტის დაცვის მრავალფეროვან გზაზე.
იმ დროს ბევრი ადამიანი იყო შეშფოთებული ჰაერის დაბინძურებისა და სხვა გარემოსდაცვითი პრობლემების გამო. მათ სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ დედამიწა კვლავ ჯანსაღი და ლამაზი ადგილი იქნებოდა მომავალი თაობებისთვის. ღონისძიებამ კარგად ჩაიარა და დედამიწის დღის აღსანიშნავ პირველ ღონისძიებაში 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა!
მას შემდეგ დედამიწის დღე გლობალურ მოვლენად იქცა, მთელ მსოფლიოში ადამიანები მას აღნიშნავენ ხეების დარგვით, ნაგვის შეგროვებითა და ინფორმაციის გავრცელებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ პლანეტა.
„მიუხედავად იმისა, რომ პატარები ვართ, შეგვიძლია დიდი ცვლილება მოვახდინოთ, თუ ერთად ვიზრუნებთ ჩვენს პლანეტაზე. თქვენ რას გააკეთებთ დედამიწის დღეს?“,- მიმართა პედაგოგმა მოსწავლეებს და საუკეთესოდ შედეგიც დადგა.
პატარებმა დამრიგებელთან ერთად დაასუფთავეს სკოლის ეზო და საკუთარი წვლილი შეიტანეს გარემოზე ზრუნვაში. ბავშვებმა ხალისითა და პასუხისმგებლობით იმუშავეს.
„მათ კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანია და დიდი ცვლილებები სწორედ ასეთი პატარა, გონივრული ნაბიჯებით იწყება.
მადლობა ჩვენს პატარა შემოქმედებს! გვჯერა, რომ მუდამ ასეთი მზრუნველი და აქტიური მოქალაქეები იქნებით!“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: