
დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქვემო მახოს საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში (I, II და III) ჩატარდა სახალისო და შემოქმედებითი საკლასო აქტივობები.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით დახატეს და გააფერადეს დედამიწასთან დაკავშირებული თემატური ნამუშევრები, გამოჭრეს სხვადასხვა დეტალი და შექმნეს ლამაზი კომპოზიციები. ასევე, მცირე სიმბოლური დარგვის აქტივობით კიდევ ერთხელ გააცნობიერეს ბუნებაზე ზრუნვის მნიშვნელობა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობამ ბავშვებში გააღვიძა გარემოს დაცვის სურვილი და პასუხისმგებლობის გრძნობა.
„მათ საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრებით გვაჩვენეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ჩართულობა ჩვენი პლანეტის დაცვაში. ვიზრუნოთ დედამიწაზე დღეს და ყოველთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: