
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში დედაენის დღე გამორჩეულად აღინიშნა.
გაიმართა არაერთი ღონისძიება და მოსწავლეებს შეახსენა ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და მისი სიწმინდის დაცვის აუცილებლობა.
ეს ღირსშესანიშნავი დღე საინტერესოდ აღნიშნეს მე-2 კლასელებმა. პედაგოგი მანანა ბარამიძე პატარებს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და დამწერლობის უნიკალურობაზე ესაუბრა, მოსწავლეებმა კი გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილი და მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების განვითარებაში.
„14 აპრილი, რაღაც განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევს ჩემში, ყოველთვის როცა დედაენას პირველად გადავშლი და პირველკლასელები ცნობისმოყვარე თვალებით ჩაიხედავენ, ჟრუანტელი დამივლის, რადგან ვიცი რამდენად წმინდა და სათუთ წიგნს ვეხები, ის ხომ იმ მარგალიტების მარცვლებია, რომლითაც მთელი ცხოვრება უნდა აკინძო. „დედა ენა“ ჩვენი ძვირფასი საგანძურია 14 აპრილი დედა ენის დღეა!
„დედა ენა ერთია!“
დედასთან გაიგივებული
„აი ია“ - აი, ეს მარგალიტები გვაჩუქა დიდმა იაკობმა. დაე, უსასრულოდ ისმოდეს საქართველოში ქართული ენით შემკული ლამაზი სიტყვები.
„დედა ენა“ ერთ-ერთი რჩეული საგანძურია ქართველი ერისთვის. „დედა ენის“ არსებობა ერის არსებობას ნიშნავს. „ენის“ სიცოცხლე ერის სიცოცხლეს.
დღეს, ჩვენ, მე-2 კლასმა ერთად შევქმენით ანბანის ილუსტრაციები, დავხატეთ, გავაფერადეთ, მოვრთეთ საკლასო ოთახი, ვისაუბრეთ, ჩვენს საყვარელ წიგნზე დედაენაზე. იაკობზე. ბარბარიზმებზე ეს დღე ჩვენს მეხსიერებას, ახალ ფურცელს შესძენს.
დაე, არასოდეს გამქრალიყოს საქართველოში ქართული ენის სიყვარული! გვიყვარდეს და ვიცავდეთ ჩვენს ენას! წარმატებები ჩვენო საამაყო ბავშვებო!“,- აღნიშნავს დაწყებითი კლასების მასწავლებელი მანანა ბარამიძე და მოსწავლეებს ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლის.
დედაენის დღე ყურადღების მიღმა არც უფროსკლასელებისთვის დარჩენილა - ეს უმნიშვნელოვანი თარიღი იზეიმეს მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. მათ მოამზადეს კედლის გაზეთები, დაწერეს ჩანახატები და ესეები, გააკეთეს პრეზენტაციები, ასევე მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი.
აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: