
14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, მის დაცვასა და გაფრთხილებაზე, ასევე იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული განათლებისა და ენის განვითარებაში.
ღონისძიება მრავალფეროვანი და შინაარსით დატვირთული იყო - მოსწავლეებმა წარმოადგინეს გოგებაშვილის მოთხრობების ინსცენირებები, იმსჯელეს ბარბარიზმების თემაზე და ყურადღება გაამახვილეს სწორ მეტყველებასა და ქართული სიტყვის სიწმინდეზე.
განსაკუთრებული ემოციური ფონი შექმნა დედაენისადმი მიძღვნილმა ლექსებმა და მუსიკალურმა ნომრებმა, რომელთა შესრულებაშიც მოსწავლეებმა დიდი გულწრფელობა და სიყვარული ჩადეს.
ღონისძიების დასასრულს წარმოდგენილი იყო თემატური პლაკატები, გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები.
საზეიმო ღონისძიების მონაწილე კლასებს, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, სპეციალური სიგელები გადაეცათ.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პლაკატების კონკურსი -
„ჩვენი ენა ქართული“, რომელშიც გამოვლინდა გამარჯვებულები:
I საფეხური: მე-6 კლასი;
II საფეხური: მე-10 კლასი;
„ვულოცავთ, მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და მშობლიური ენის სიყვარულსა და პოპულარიზაციაში შეტანილ წვლილს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეომასალა: